თანამშრომლები

  • რეჟისორი: ლუკაშ ტვარკოვსკი
  • თეატრი:სტუდია „Theatregallery
  • მასპინძელი თეატრი:სილქ ფაქტორი სტუდია
  • თარიღი:
    • 30 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 1 ოქტომბერი - 20:00 სთ,

ოლგა რავნი

რეჟისორი: ლუკაშ ტვარკოვსკი

ავტორი: ოლგა რავნი

თარგმანი დანიურიდან: ბოგუსლავა სოხანსკა

ტექსტის ადაპტაცია, დრამატურგია: იოანა ბედნარჩიკი

სცენოგრაფია: ფაბიენ ლედე

ვიდეო: იაკუბ ლეხი

განათება: ბარტოშ ნალაჟეკი

კოსტიუმები: სვენია გასენი 

მუსიკა: ლუბომირ გჟელაკი

მოძრაობის კონსულტანტი: რობ ვაშევიჩი

რეჟისორის ასისტენტი: ადამ ზდუნჩიკი  

კონცეფციის ადაპტაცია: შიმონ ადამჩაკი  

ოპერატორები:  ივო იაბლონსკი, გლორია გრუნიგი 

განათების ოპერატორი: იან ზაიონჩოვსკი, კშიშტოფ რიკაჩევსკი 

ხმის ოპერატორები: დამიან კრუშევსკი, კაცპერ სუოვიკი 

ვიდეოოპერატორები: ადრიან კონიაკი, დარიუშ ზაბიეგალოვსკი  

წარმოების მენეჯერი: მონიკა ბალინსკა

სცენის მენეჯერი: ზუზანა პრუშინსკა

პროდიუსერის თანაშემწე: ალექსანდრა ურბანი

მოდელი და ობიექტები: კატაჟინა რიტკა

დეკორაციების აგება: პიოტრ შჩიგიელსკი

კოსტიუმების მკერავი: ალექსანდრა ანდრიხოვიჩი

საერთაშორისო დისტრიბუცია: ანა ლევანოვიჩი

ფოტოგრაფი: ნატალია კაბანოვი

 

ხანგრძლივობა: 150 წუთი, სამი შესვენებით

 

მონაწილეობენ:

დომინიკა ბერნატი
დანიელ დობოსი
მაია პანკევიჩი
სონია როშჩუკი
მირონ სმაგალა
პაველ სმაგალა
რობ ვაშევიჩი
მალგოჟატა ჰაიევსკა-ქშიშტოფიკი  - ხმის ჩაწერა

 

სპექტაკლის შესახებ: 

,, თანამშრომლებში" ლუკაშ ტვარკოვსკი და მისი ჯგუფი იმ ორიგინალური მულტიმედიური თეატრალური ფორმის ძიებას აგრძელებენ, რომელშიც გამოსახულება, ბგერა და მოქმედება მაყურებელს შეუცნობელ სამყაროში სრულ ,,ჩაძირვას" უადვილებს. ამჯერად ეს მომავლის სამყაროა: კოსმოსური ხომალდის ბორტზე ექსპერიმენტი ტარდება: როგორ განვითარდება თანამშრომლობა ადამიანებსა და მათს ჰუმანოიდ თანამოძმეებს შორის? ორივე ჯგუფს ყურადღებით აკვირდება და აკონტროლებს  იდუმალი ორგანიზაცია და მათი წარგზავნილი ექსპედიცია, მაყურებელი კი თან ამ ურთიერთობების, მათი მუშაობის,  კომუნიკაციისა და თანაარსებობის ამსახველ ანგარიშს ეცნობა. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემუშავებისას, ადამიანისა და უცხოპლანეტური არსებების ურთიერთობის საკითხი ჯერ არასდროს მდგარა ასე მწვავედ. პიესა იკვლევს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც მის ანალოგში ისახება და ამით აძლიერებს შემზარავი, ზეადამიანური ველის შეგრძნებას - ამგვარ უცხოობას შევიგრძნობთ, როდესაც პირისპირ ვდგებით ,,უცხოს", მაგრამ ადამიანის მსგავსი არსებების პირისპირ. როგორია გრძნობის, ემოციის ბუნება? შეუძლია კი ალგორითმებს სუბიექტიური მდგომარეობების ასახვა და შეგრძნობა? უქმნის ხელოვნურად შექმნილი ,,მე"-ს განცდა საფრთხეს ადამიანთა მოდგმას? არის თუ არა აჩრდილი მყიფე გარსში?

კინოსახეების გამოყენებისას, პერფორმატიული ინსტალაციისა და  თეატრალური მოქმედების შერწყმისას, რეალურსა და ფანტასტიკურს შორის დაძაბულობის გასაოცრად აგებისას, აშკარა ხდება რეჟისორის დაუჯერებელი ოსტატობა, რომლის უკანაც დიდი სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოებების ცნობილ ტოპოსები იკითხება - არა ინტელექტუალური დისკურსის მეშვეობით, არამედ ინტენსიური მულტისენსორული სამყაროს შეგრძნებით. 

იოანა ბედნარჩიკის ტექსტი, რომლის მიხედვითაც დაიდგა ,,თანამშრომლები", დანიელი მწერლის, ბუკერის საერთაშორისო პრემიის ლაურეატის, ოლგა რავნის რომანს ეფუძნება. ამ დამაჯერებელ წიგნში, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახლებურ გააზრებას რომ გვთავაზობს, ავტორის ინტერესი შორი, მშობლიური და უკვე დაკარგული პლანეტის, დედამიწის მიმართ ადამიანთა ეკიპაჟის დამოკიდებულებას უტრიალებს.  პერსონაჟების ფრაგმენტული ჩვენებები ცხადყოფს, რომ მათ თავიანთი შრომატევადი და აზრსმოკლებული სამუშაოს მიმართ დაჭვება გასჩენიათ, ადამიანთა და უცხოპლანეტური მოდგმის ეკიპაჟებს შორის კონფლიქტები ხდება, პერსონაჟები მათი ცხოვრების ბიუროკრატიზებას ამბოხებით პასუხობენ. პიესაში მოქმედება დედამიწიდან მილიონობით კილომეტრის დაშორებით, თან შორეულ მომავალში ხდება, მაგრამ ავტორისეული კომენტარები  ჩვენი თანამედროვეობის პრობლემებს მიემართება: ურთიერთობების კრიზისს, გრძნობების მართვის ნორმირებას, ადამიანის კავშირს ბუნებასთან  უფრო და უფრო ტექნოლოგიზებულ საზოგადოებაში.

მაყურებელს თავისუფლება ეძლევა, მთავარი სცენის ირგვლივ დაუბრკოლებლად იმოძრაოს. ამ დროს სცენაზე მსახიობები თამაშობენ, ხოლო სცენის თავზე დამონტაჟებული ეკრანები მოქმედების პირდაპირ ტრანსლაციას ეწევა -  ტვარკოვსკის ეს საშუალებას აძლევს, მაყურებელი ერთგვარ საკონცერტო ტრანსში ჩააგდოს, მისი ყველა შეგრძნება  ბოლომდე ,,აამუშაოს".  სპექტაკლის დასრულებისას მაყურებელი დისტანცირებას ვეღარ ახერხებს, ინდეფერენტული დამოკიდებულება შეუძლებელი ხდება და აუდიტორიიდან ბევრს რეჟისორის, სტუდიის მსახიობებისა და კოლაბორატორების მიერ შექმნილ სამყაროში სურს დარჩენა.

 

პრესა:

,, აუცილებლად სანახავია ვარშავის სტუდიის თეატრის წარმოდგენა ,,თანამშრომლები". მასზე დასწრება წარმოუდგენელ, თავაწყვეტილ ჭენებას წააგავს. სუნთქვაშეკრული ვადევნებდი თვალს ლუკაშ ტვარკოვსკის თეატრალურ წარმოსახვას. ამ ფრაგმენტულ თხრობაში ადამიანებისა და ჰუმანოიდების კოსმოსური თანაცხოვრების შესახებ თქვენ ვერ იპოვით პასუხს, თუ რა ზღვარი შეიძლება არსებობდეს ადამიანსა და მანქანას შორის.  რეჟისორმა, ერთ დროს - კრისტიან ლუპას დადგმების ვიდეოარტისტმა თვით ამბით კი არ მომნუსხა, არამედ თეატრის მომავლის წარმოჩენით, რომელშიც კინოკამერები, მუსიკა, განათება, გამოსახულების რედაქტირება მხოლოდ ინსტრუმენტები აღარ არის, თხრობის განყოფელი ნაწილი ხდება - მხატვრული სახეების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მთლიანად გვიპყრობს და იმ მდგომარეობის არსს გადმოგვცემს, როცა რეალურსა და ვირტუალურს შორის ზღვარი დაკარგულია.

საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში ტვარკოვსკი ის სახელია, რომელიც, შეიძლება ითქვას, ,,დატაცებაზეა", თუმცა შვიდი წლის წინ, პოლონეთის არჩევნებში კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიის გამარჯვების შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში შემოქმედებითად ემიგრირება მოუხდა, რადგან ვროცლავის ,,ტეატრ პოლსკისა" და კრაკოვის ,,ტეატრ სტარიში" პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო. ვარშავაში მას საკუთარი სახელოვნებო და სააზროვნო ლაბორატორია აქვს, რომელსაც დროთადრო წყდება უცხოეთში ახალი სპექტაკლების დასადგმელად. 

თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გამოიყურება სიახლე თეატრში,  ,,თანამშრომლები" ნახეთ.'' 

კატაჟინა იანოვსკა, Newsweek

  

,,სალამი მომავლიდან” 

,, გასაოცარი! ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აღწერს ყველაფერს, რაც სტუდიის თეატრის სცენაზე ლუკაშ ტვარკოვსკის პიესის, "თანამშრომლების" წარმოდგენისას ხდებოდა. გასაოცარი და შთამბეჭდავია ამ პროდუქციის მასშტაბურობა, მისი გავლენა აუდიტორიის გრძნობებზე და ახალი ტექნოლოგიების მისებურ გამოყენებაზე.

კითხვა ( თუნდაც არაერთხელ დასმული)  იმის შესახებ, თუ რა არის თეატრი და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს იგი,  კვლავ უძლებს ამ უსასრულო გამეორებას.  იქნებ შეგრძნებითი გამოცდილების სამყაროში ემოციური ჩაღრმავების პერსპექტივაა სწორედ ჩვენი თეატრის მომავალი? „თანამშრომლები" - ისევე, როგორც ტვარკოვსკის აღიარებული პოლონურ-ლიეტუვური სპექტაკლი ,, როტკო" ან მისი ლიეტუვური დადგმა „Lokis“ - იკვლევს ამ სივრცეს და ესთეტიკური სტიმულის როლის გააზრებისკენ გვიბიძგებს. 

შესაძლოა, ჩვენ ახლა იმგვარი პიესების გაპოპულარულების შემსწრენიც ვიყოთ, რომელთა მთავარი პრინციპი მაყურებელზე ემოციურად ზემოქმედებაა. თანამშრომლები“ გვახსენებს, რომ როდესაც თეატრი იმ ხელმიუწვდომელ გამოცდილებას ქმნის, სცენისა და აუდიტორიის მიღმა რომ არც არსებობს, იგი ადამიანთა ერთად ყოფნის  მოდელების საცდელ მოედნად იქცევა   - აქ ერთად ყოფნაც იგულისხმება და ,,სხვებს" შორის ყოფნაც.''

კატაჟინა ნიედურნი,  ,, ჩას კულტური"//Czas kultury.

 

,,ლუკაშ ტვარკოვსკი, თანამედროვეობის შესახებ მასშტაბური მულტიმედიური პროდუქციის შემქმნელი , ინტიმურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამას დგამს . [...] სანამ  კოსმოსურ სადგურში შევაბიჯებდეთ, სათანადო ყურადღებით დავაკვირდეთ, რას გვთავაზობს ლუკაშ ტვარკოვსკი თეატრში. იგი კულისების ახლებურ ხედვას ნერგავს,  ტვარკოვსკი აერთიანებს  ექსტაზური სპექტაკლის პოპ-კულტურულ მიმზიდველობასა და თანამედროვე საკაცობრიო  ისტორიის ინტელექტუალურ და ემოციურ სიღრმეს.’’

ანა სანჩუკი, VOGUE

www.teatrstudio.pl

 

 

რეჟისორი
ლუკაშ ტვარკოვსკი
  (1983) მულტიმედიური პერფორმანსების ავტორია, რომლებშიც ერთმანეთს ურწყამს თეატრალურ და სახვით ხელოვნებას. თავის პროექტებს იგი მულტიმედიის მეშვეობით რეალობის გაფართოების კონტექსტში ათავსებს.

ტვარკოვსკის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თეატრის, როგორც საკომუნიკაციო საშუალებისა და ინსტრუმენტის კვლევაა, მისი შესაძლებლობების და ზღვრების ძიება. ნარატივების მუდმივი დეკონსტრუირებით, აუდიტორიის გამყარებული ჩვევების მოშლითა და ახალი მედია-ხერხების გააზრებული გამოყენებით, ტვარკოვსკი სასცენო წარმოდგენის ახალ, ორიგინალურ ენას ქმნის, რომელიც მულტიმედიურ საშუალებებს და,  ფართო გაგებით, ციფრულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. მათი გამოყენებით ტვარკოვსკი

აანალიზებს და თვალს ადევნებს უფრო და უფრო გართულებულ ურთიერთქმედებას რეალურს, სიმბოლურსა და წარმოსახვითს შორის.  ამ სფეროში მისი ნამუშევრები სრულიად ინვოაციურია, ხანდახან - პიონერულიც კი.

2017 წელს ვილნიუსის დრამის თეატრში მისი ნამუშევრის ,,LOKIS"  პრემიერა შედგა. სპექტაკლი ,,სცენის ოქროს ჯვრის" - ლიეტუვის უმაღლესი თეატრალური პრემიის ცხრა ნომინაციაში იყო წარდგენილი, ტვარკოვსკის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ოქროს ჯვარი მიენიჭა.

2019 წელს ჰანოვერის ,,შაუშპილში" რეჟისორმა საკულტო ფრანგული ზღაპრის მიხედვით სპექტაკლი ,, სიცოცხლეში ერთხელ" დადგა. nachkritik.de პორტალმა იგი 2020 წლის საუკეთესო წარმოდგენად დაასახელა.

ტვარკოვსკის მეორე ნამუშევარი ლიეტუვის დრამის თეატრში ,, რესპუბლიკა" ( 2020) იყო, მიუნჰენის ,,კამერშპილესთან" თანამშრომლობის ნაყოფი. ,,რესპუბლიკა" განსაკუთრებული მასშტაბისა და ფორმის პროდუქცია გამოდგა, რომელიც მაყურებელს მოქმედებასა და დახურულ ,,კომუნაში" ითრევს. ესაა მრავალშრიანი, ურთიერთის ჩამნაცვლებელი ნარატივების კომპოზიცია, მაყურებელი მას თითქოს ვეღარც წყდება; ლუკაშ ტვარკოვსკი თანამედროვეობის განწყობათა საიდუმლოებებს იკვლევს, აინტერესებს, როგორ იცვლებოდა ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ხერხები, ამიტომ თანამედროვე მაყურებელს ინტენსივობით რომ შეესატყვისებოდეს, ტვარკოვსკი თეატრის ახალ ფორმებს იგონებს, რომლებშიც გაერთიანებულია ვიდეოჩანაწერები, სამსახიობო თამაში, ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა. სპექტაკლ ,,რესპუბლიკის" კონტექსტში ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მისმა 2022 წლის ნამუშევარმა,  ,,როტკომ", ლიეტუვის თეატრალური პრემიის "Spēlmaņu nakts" 11 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის - ,,საუკეთესო დადგმის", ,,წლის ვიზუალური არტისტის", ,, წლის კომპოზიტორის", ,, წლის ქორეოგრაფის" და ,,წლის რეჟისორის" ნომინაციებში.

 

დრამატურგი
ოლგა რავნი
, ,,თანამშრომლები": 22-ე საუკუნის სამსახურებრივი რომანი 

2020 წელს დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს დანიელი ოლგა რავნის ახალი რომანი „თანამშრომლები“ შეემატა, რომელიც ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში იქნა შეტანილი. მის წიგნში პლანეტა დედამიწა აღარ არსებობს, მისგან ადამიანებს მხოლოდ მოგონებები და ნაღველნარევი მონატრება დარჩენიათ. დანიელი ავტორის ამ რომანის პროტაგონისტები კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობენ, სადაც რაღაც გაუგებარ დავალებას ასრულებენ. ესენი ადამიანებად და ჰუმანოიდებად იყოფიან. დაყოფა შემდგომ ასე გრძელდება: ეკიპაჟი და მისი უფროსები; ცნობიერების და სენსუალურობის მქონე არსებები და ის არსებები, რომლებიც მხოლოდ ახლა სწავლობენ გრძნობებს და  მათ გამოყენებას.

წიგნის სტრუქტურა   ეკიპაჟის მიერ შედგენილი ანგარიშებისგან შედგება. ეს ანაგარიშები შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ადამიანებსა და ჰუმანოიდებს შორის ურთიერთობებზე დაკვირვება.  მოხსენებები ფრაგმენტულია,  იწყება და სრულდება დროის სრულიად შემთხვევით  მომენტებში. მათი კომპოზიცია არ ქმნის სიუჟეტს ტრადიციული გაგებით - არც კონკრეტული ამბის მოყოლას ისახავს მიზნად. ავტორის მიერ შეთავაზებული ფრაგმენტებით რავნის მკითხველი  რეალობის საკუთარ სურათს იქმნის, რომელშიც ადამიანებს  დედამიწა ენატრებათ და  გემზე მოქმედ მკაცრ და ბიუროკრატიულ წესებს ამბოხებით პასუხობენ, ხოლო ჰუმანოიდები, რომლებიც უგრძნობელ ქმნილებებად არიან მიჩნეულნი, ახლა მოითხოვენ, ადამიანურის მსგავსი გრძნობებისა და შეგრძნებების განვითარების საშუალება მიეცეთ. ,,თანამშრომლების" მკითხველი ხშირად მკაფიოდ ვერც საზღვრავს, ადამიანს ეკუთვნის ესა თუ ის მოხსენებითი ტექსტი თუ ჰუმანოიდს. 

კოსმოსურ ხომალდზე რამდენიმე უცნაური საგანი ინახება - სამხატვრო გამოფენის შემდეგ დარჩენილი არტეფაქტი, რომლებიც ეკიპაჟის წევრებზე აუხსნელად ზემოქმედებს - მათთვის ახლებურ სენსორულ სიმულაციას უქმნის. რავნის მიერ აღწერილი სივრცეები ცივია და თეთრი, გალერეის არქიტექტურას წააგავს. სიუჟეტის ბოლოს ხომალდი, როგორც უშედეგო ექსპერიმენტი, უცნაურ და პირქუშ მუზეუმად გადაიქცევა.  რავნის წარმოსახვაში, ადამიანებისა და ჰუმანოიდების დისტოპიური სამყარო სამხატვრო გალერეას ჰგავს, რომელშიც სტუმრების სენსუალობა ,, შეუსწავლელ ტერიტორიებზე" გადადის. ამგვარი კონტრასტირებით მიანიშნებს რავნი, რამდენად უფრო ახლოა ხელოვნება (  რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვაზე დგას) მომავალთან - ხელოვანთა მიერ წარმოსახული რეალობები საბოლოოდ სინამდვილედ იქცევა ხოლმე.

 

სტუდია Theatregallery  სახელოვნებო სტუდიაა, ადგილი, სადაც შემოქმედებით კვლევას ეწევიან სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს არტისტები. სტუდია არ კარგავს კავშირებს თავის ავანგარდისტულ ტრადიციასთან, რომლის სათავეშიც ვიტკაცი იდგა. ესაა  თავისუფალი თვითგამოხატვის ადგილი, სადაც რამდენიმე დისციპლინა იკვეთება: თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო და საცეკვაო ხელოვნება.

,,წმინდა ფორმის თეორიის” ავტორის იდეების შესაბამისად, სათანამშრომლოდ მოწვეულ არტისტებს აქ ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტირების ყველა შესაძლებლობა ეძლევათ. სტუდია ის ადგილია, სადაც რეალობის ხელახლა გამოგონებაც შეიძლება, როცა მისი შეცვლის სურვილი გაქვს. ჩვენთვის უპირველეს საზრუნავად და სამუშაოდ პოლონეთისა და ევროპის მხატვრული თეატრების სამომავლო ბედი რჩება - ის, თუ როგორ შეიძლება მისი პოზიციების დაცვა ახლანდელ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში.

 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved