2025 წლის სეზონი ქართული თეატრისთვის გამოწვევებით, პოლიტიკური ტურბულენტობითა და ქარტეხილებით სავსე პერიოდი აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც დასავლური არჩევანის მყარი საფუძვლები ეჭვქვეშ დააყენა და დემოკრატიული ფასეულობების მოშლისკენ მიმართული გზავნილები გაამძაფრა, პირდაპირ აისახა ხელოვნების - მათ შორის, თეატრის - სფეროზე. ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიებისა და კრიტიკული პოზიციის ჩახშობის მცდელობის ფონზე, ქართული თეატრი დადგა რთული არჩევანის წინაშე: დარჩენილიყო ჩუმად ან აერჩია წინააღმდეგობის გზა. სახელმწიფო თეატრების უმრავლესობამ კონფორმიზმისა და თვითცენზურის პრაქტიკა აირჩია – თუმცა ამ სიჩუმის ფონზე კიდევ უფრო გამორჩეული გახდა დამოუკიდებელი თეატრების ხმამაღალი, მტკიცე და შემოქმედებითად ძლიერი პოზიცია. დამოუკიდებელმა თეატრალურმა კომპანიებმა და არტისტებმა საკუთარი შემოქმედებითი რესურსები პოლიტიკურ აქტივიზმად გარდაქმნეს და მკაფიოდ გამოხატეს პროტესტი აბსურდამდე მისული უსამართლობის, ძალადობისა და მორალური კოლაფსის წინააღმდეგ – მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც სცილდება მხოლოდ ლოკალურ კონტექსტს და უფრო ფართო, გლობალურ კრიზისებს ეხმიანება. მიუხედავად შემცირებული ან სრულად შეწყვეტილი დაფინანსებისა და უკიდურესად რთული სამუშაო პირობებისა, ქართული თეატრის, დღესდღეობით, საუკეთესო ნაწილმა მოახერხა თავისი შემოქმედებითი რესურსის გარდაქმნა უკომპრომისო პროტესტის მძლავრ ფორმად – ფორმად, რომელმაც ახალი ფურცელი გადაშალა ქართული თეატრის ისტორიაში. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ დამოუკიდებელი თეატრალური სცენა იქცა იმ სივრცედ, სადაც დღეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური პროცესები ვითარდება – პროცესები, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ახალ თეატრალურ ენას, არამედ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ პოზიციას. „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ – გზავნილი, რომელიც საქართველოში გამართული არაერთი სახელოვნებო პროტესტის საერთო ლოზუნგად იქცა, ბუნებრივად ეხმიანება წლევანდელი შოუ-ქეისის მთავარ გზავნილს: „თავისუფლება დღეს ჩვენი“. თეატრში ათონელზე დადგმული გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი „იოსები“, ფრანც კაფკას „პროცესის“ მოტივებზე, ერთდროულად მკაფიო პოლიტიკური კომენტარია და ჟანრობრივი ექსპერიმენტი, რომელიც აბსურდის, შავი იუმორისა და დისტოპიური ესთეტიკის მეშვეობით თანამედროვე ავტორიტარული სისტემის 2 წინააღმდეგ მკვეთრად გაჟღერებულ პროტესტს წარმოადგენს. მოქმედების სივრცის შემოფარგვლა მხოლოდ ერთი ოთახით – იოსების გამჭვირვალე პლასტიკატის ბინით – მეტაფორულად გადმოსცემს ადამიანის პირადი სივრცის სიმბოლურ ნგრევას და ყველა სეგმენტში შეღწეულ კონტროლის მექანიზმს, რაც რეალობაში იმდენად უკიდურესია, რომ უკვე მეტაფორასაც აღარ საჭიროებს. რობოტიზებული გარემოთი, მექანიზებული რიტმითა და სტილიზებული კოსტიუმებით რეჟისორი ქმნის ისეთ სამყაროს, სადაც ინდივიდი აღარ არსებობს – მხოლოდ „დანომრილი“ სუბიექტებია, სისტემის მიერ შერჩეული და გაწბილებული. სპექტაკლში წარმოდგენილი პროცესი, არსად მიემართება და მუდმივად თავიდან იწყება, თითქოს მაყურებელი ვიდეოთამაშშია ჩართული, სადაც მთავარი პერსონაჟი ხელახლა ცდილობს გადარჩენას სცენარით, რომლის გარდაუვალობა უკვე განსაზღვრულია. საბოლოოდ კი, მოქმედება სიზმარში ჩაკარგულ სიმულაციურ თამაშად გარდაიქმნება. სცენაზე განვითარებული პროცესი მკაცრად ციკლურია – დრო იკარგება, იდენტობა ნადგურდება, ხოლო სამართალი – როგორც იდეა – აბსურდის იარაღად იქცევა. სპექტაკლი ერთდროულად უტოპიაც არის და უკვე განცდილის წინასწარმეტყველებაც. გიორგი შარვაშიძის, ნატალია გაბისონიას, გიორგი გიორგანაშვილისა და ნიკო ფიფიას ზუსტი და დახვეწილი სამსახიობო შესრულება, მარიამ ძმანაშვილის მინიმალისტურ-კონცეპტუალური სცენოგრაფია და სტილიზებული კოსტიუმები, ასევე ნოე კვირკველიას ორიგინალური მუსიკა, ცალკე აღნიშვნის ღირსია. გეგა გაგნიძის „იოსები“ გამორჩეული მაგალითია უახლესი ქართული თეატრისა, რომელმაც ფორმისა და ენის რადიკალურობითა და პოლიტიკური თანადროულობით მოახერხა ძალაუფლების კრიტიკის ახალ ვიზუალურ ენაზე გარდათქმა. დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“ სანდრო კალანდაძის მიერ დადგმული შექსპირის „ჰამლეტი“ (ლელა სამნიაშვილის ახალ თარგმანში; მარიამ მეგვინიტეს ტექსტური ჩანართებით) პარადოქსულად წარმოგვიდგება როგორც ერთდროულად თეატრალური ექსპერიმენტი და ტრადიციასთან მჭიდრო დიალოგში მყოფი ინტერპრეტაცია. სამი მოქმედების სტრუქტურა, რომლებიც არატრადიციულ თეატრალურ სივრცეებში თამაშდება, მაყურებელს აძლევს შექსპირის ტექსტის არა მხოლოდ გადაფასების, არამედ მისი სივრცული და მეტაფორული „დათვალიერების“ შესაძლებლობას. სანდრო კალანდაძის დადგმა მკვეთრად პოლიტიკურ ინტერპრეტაციას იძლევა. თუმცა ბექა ხაჩიძის მიერ განსახიერებული ჰამლეტი არც დისიდენტია და არც მორალური პროტესტის სიმბოლო – ის უფრო სარა კეინისეული ანტიგმირია: გულგრილი, ინდიფერენტული და მერყევი. ის მერყეობს გმირსა და ანტიგმირს შორის და ვეღარ წარმოადგენს სიმართლის საზომს მის ირგვლივ 3 გამეფებულ აბსურდსა და ძალადობაში. შესაბამისად, აღარც წესრიგის ხელახალი დამყარება შეუძლია და მეორე მოქმედებიდან სათამაშო სივრცეს ტოვებს და ქუჩაში გადის – რაც სპექტაკლისთვის არა მხოლოდ მეტაფორულ, არამედ პირდაპირ პოლიტიკურ აქტად იქცევა. სპექტაკლში ჰამლეტის დანაწევრებულ იდენტობას ქმნის ორი მსახიობის მეშვეობით წარმოდგენილი დუალიზმი: ბექა ხაჩიძის პასიური, გაუცხოებული ჰამლეტი და ანანო მახარაძის ქმედითი და ცოცხალი ჰამლეტი, რომელიც თითქოს თამაშობს იმ როლს, როგორსაც ჰამლეტისგან ელიან. ეს არა მხოლოდ ფორმალური ექსპერიმენტია, არამედ კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ არის ჰამლეტი დღეს?! სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია ანანო მახარაძის ბრწყინვალედ შესრულებული „სათაგურის სცენა“ (ტექსტის ავტორი: მარიამ მეგვინიტე) – „ჰა“ – რომელიც სცდება შექსპირისეული „თეატრი თეატრში“ ფუნქციას, იქცევა ცალკე წარმოდგენად და სპექტაკლის ემოციური და სიმბოლური ბირთვი ხდება. იან კოტის სიტყვებს თუ დავესესხებით, ამ დადგმაშიც ჰამლეტის კლასიკური დილემა – „ყოფნა თუ არყოფნა“ ადგილს უთმობს - „რაღაც დამპალა დანიაში“. სწორედ ეს ფრაზა იქცევა წარმოდგენის კონცეპტუალურ ღერძად, რომელიც მტკივნეულად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს. ლევან წულაძის მიერ ახალ დამოუკიდებელ თეატრალურ სივრცეში „თეატრი სახელოსნო 42“ დადგმული „ცხვირი“, ნიკოლოზ გოგოლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მოტივებზე შექმნილი, პოლიტიკურ-სატირული ტრაგიკომედიაა, რომელიც ღიად და ირონიულად ეხმიანება თანამედროვე ქართულ რეალობაში ძალაუფლების დინამიკის ცვალებადობას. გოგოლის მოთხრობა, რომელიც თავისთავად უკიდურესად გროტესკულია – ბიუროკრატიული სისტემის აბსურდამდე მიყვანილი რეფლექსია – წულაძის სცენურ ინტერპრეტაციაში თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობის პირდაპირი მეტაფორა ხდება. წულაძის დადგმა, რომელიც აერთიანებს ბუფონადის, ფარსის, კლოუნადის ელემენტებს, მინიმალისტურ სცენოგრაფიასა და ფერად კოსტიუმებს, სპექტაკლს მსუბუქი საბურვლის ქვეშ ხვევს, რომლის უკანაც ღრმა კრიტიკა იმალება: თუ როგორ ანაცვლებს ცარიელი სტატუსი და ფორმალური ავტორიტეტი ადამიანურ ღირებულებებს. ცხვირის გაქრობა არც მხოლოდ აბსურდის ნიშანია და არც მხოლოდ იდენტობის კრიზისი – ის პიროვნების სრული გაქრობის ალეგორიაა. კომედიური განწყობა თანდათანობით სარკაზმში გადადის – ძალაუფლების მაძიებელი ადამიანი საბოლოოდ სისტემისგანვე განადგურებული ხდება. წვრილფეხა ჩინოვნიკის მერკანტილური ცხოვრების ტრაგიკომიკურ რუტინაში მაყურებელს კლოუნური სამეული უძღვება, ისინი ერთდროულად არიან მასხარები, შექსპირისეული გრძნეულები და მთხრობელები. წარმოდგენის დასაწყისში სარკასტულად 4 ამასხარავებენ მთავარ გმირს, სპექტაკლის ბოლოს კი გვახსენებენ: „ჯოჯოხეთი ცარიელია, ყველა ეშმაკი აქ არის“. სიზმრიდან გამოღვიძებული ღირსებააყრილი ჩინოვნიკი საბოლოოდ კვლავ უბრუნდება საკუთარ კოშმარს - რუტინას, რომელშიც თითქოს გამოერკვა, მაგრამ რომელიც კვლავ შეუცვლელად გრძელდება. „ცხვირი“ ირონიითა და სევდით გაჟღენთილი, მაგრამ მკაფიო განაცხადია ლევან წულაძისგან - ძალაუფლების მექანიზმებზე შექმნილი ალეგორიული წარმოდგენა, რომელიც სცილდება ადგილობრივ კონტექსტს, მაგრამ ამავდროულად ზუსტად ასახავს ქართველი მაყურებლისთვის ნაცნობ სინამდვილეს. FOLKS - მაკა ჩხაიძის ძალისხმევითა და ავტორობით შექმნილი თანამედროვე ცეკვის ინკლუზიური სპექტაკლი, რომელიც InForm პლატფორმისა და გერმანული SZENE 2WEI-ის თანამშრომლობით განხორციელდა – მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების სივრცეში. ეს არის ერთდროულად შემოქმედებითად მაღალი ხარისხის, ქორეოგრაფიულად დახვეწილი და სოციალური თვალსაზრისით ღირებული ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების ხელმისაწვდომობას, თანაბარ მონაწილეობასა და საერთო სცენურ სივრცეში თანაარსებობის მნიშვნელობას შეგვახსენებს. წარმოდგენაში სიტყვას ცვლის სხეული, სიუჟეტს – მოძრაობა, ხოლო მოქმედების დინამიკას – საერთო სივრცეში ფიზიკური თანაარსებობის ესთეტიკა. სხვადასხვა ფიზიკური შესაძლებლობის მქონე შემსრულებლების თანაბარი ჩართულობა ქმნის ექსპრესიულ, მდიდარ და ემოციურად დამუხტულ სცენურ ქსოვილს, რომელიც ზუსტად გამოხატავს იმას, რაც ამ დადგმის ძირითადი სათქმელია: დაცულ სივრცეებს თანაგანცდა, მიღება და ზრუნვა აყალიბებს. FOLKS ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ინდუსტრიის უიშვიათესი მიმართულების - ინკლუზიური ქორეოგრაფიის – შთამბეჭდავი მაგალითია, სადაც სცენა მხოლოდ წარმოდგენის ადგილი არ არის – ის გადაქცეულია ექსპერიმენტის, თანაარსებობისა და ზრუნვის სივრცედ. იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ იშვიათად ხერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა სრულფასოვანი ინტეგრაცია შემოქმედებით პროცესში – იქნება ეს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის არარსებობის, ან უბრალოდ გადაწყვეტილების მიმღებთა გულგრილობის გამო – InForm-ის საქმიანობა წინსწრებით ქმნის მომავალს და ხდება ღირებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ ხელშესახები სოციალური ცვლილებები მოიტანოს. „ვინ მოგვიშუშებს იარებს“ დამოუკიდებელი ფემინისტური არტ კოლექტივის მიერ შექმნილი მულტიმედიური პერფორმანსია, რომელიც ნათლად აჩვენებს ფემინისტური და ქვიარ თეატრის არსებობის საჭიროებასა და პოტენციალს 5 თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეში. აღნიშნული პერფორმანსი შეიქმნა იმ მკვეთრად პოლარიზებულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ქვიარ, ქალისა და ქალური გამოცდილების მქონე სხეულები სისტემატურად არიან რეპრესირებული მტრული პოლიტიკის, ძალადობისა და სიძულვილის ენით შექმნილი კანონების ფონზე. სწორედ ამ კონტექსტში, ექვსი ქალი არტისტისგან შემდგარი კოლექტივი საკუთარ ხმასა და პირად ისტორიებს აქცევს წინააღმდეგობის აქტიურ სტრატეგიად. „ვინ მოგვიშუშებს იარებს“ ჰიბრიდულია ფორმითაც: ტექსტი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, პერფორმანსის ელემენტები ქმნიან არაიერარქიულ სცენურ ქსოვილს, სადაც არ არსებობს თხრობითი სიმეტრია - პირიქით, წარმოდგენა დაშლის, ტრავმისა და ფრაგმენტულობის ესთეტიკას ეფუძნება. ეს არის თეატრი, რომელიც უარს ამბობს წარმოდგენაზე, როგორც დახურულ სტრუქტურაზე და ქმნის სივრცეს, სადაც სხეულები პირდაპირ უპირისპირდებიან რეპრესიულ რეალობას. ფემინისტური და ქვიარ თეატრის არსებობა დღევანდელ საქართველოში უკვე თავისთავად პოლიტიკური აქტია. ამ მნიშვნელობით, წარმოდგენა არა მხოლოდ მულტიმედიური ხელოვნების საინტერესო ნიმუშია, არამედ - ხმა, რომლის დადუმებასაც მუდმივად, თუმცა უშედეგოდ ცდილობენ. კოლექტივის ექსპერიმენტული საქმიანობა ხსნის ახალ გზებს ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისათვის და ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ფემინისტურმა და ქვიარ ხელოვნებამ ხელი შეუწყოს ახალ სოციალური და კულტურული წესრიგის ფორმირებას. 2025 წლის ქართული შოუ-ქეისის პროგრამას, მათ შორის ფორმის თვალსაზრისით, ამრავალფეროვნებს კიდევ ერთ ახალ დამოუკიდებელ სივრცეში – ქალაქის თეატრში – ნიკა კოხრეიძის ავტორობითა და რეჟისურით შექმნილი ქორეოგრაფიულ-რიტმული პერფორმანსი „მექანიზმი“. წარმოდგენაში შემსრულებლები შთამბეჭდავი სიზუსტითა და ტექნიკური ოსტატობით იყენებენ საკუთარ სხეულებსა და ყოველდღიურ საგნებს ფიზიკური თეატრის შესაქმნელად. დეკორაციის არარსებობასა და ცარიელ სივრცეს მაყურებლის ყურადღება მსახიობების ფიზიკურ უნარებსა და სცენურ დისციპლინაზე გადააქვს. მათი მოქმედება განსაზღვრავს წარმოდგენის რიტმულ სტრუქტურას და ქმნის ხმასა და მოძრაობაზე დაფუძნებულ სცენურ გარემოს. თამაშისა და პლასტიკის ესთეტიკაზე აგებული „მექანიზმი“ წარმოადგენს ფიზიკური თეატრის წარმატებულ მაგალითს და ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება მინიმალისტურ გარემოში – ტექსტისა და დეკორაციის გარეშე – შეიქმნას ძლიერი პერფორმატიული გამოცდილება. ანა კვინიკაძე