ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობა ინსპირირებულია კონკრეტულ რეალობაში არსებული პრობლემებით და გამოწვევებით. თანამედროვეობის უარმყოფელი ხელოვენაბა, ვერ ახერხებს კომუნიკაციას მაყურებელთან, მსმენელთან, დამთვალიერებელთან. შესაბამისად, მას გამოცლილი აქვს არსობრივად მნიშვნელოვანი კომპონენტი-განსაზღვროს და წარმართოს საზოგადოებრივი აზრი. 

გამომდინარე აქედან, ხელოვნება ყოველთვის და ყველგან არის და უნდა იყოს პოლიტიკური, ხოლო იმისთვის, რომ მან შეძლოს პროცესში საკუთარი ფუნქციის შესრულება, იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უპირობო აღიარებაზე, სხვადასხვა ტიპის უმცირესობების დაცვაზე,  კულტურული ცხოვრების განვითარებაზე, აუცილებელია იყოს დამოუკიდებელი. 

ლოზუნგით „ხელოვნება პოლიტიკური და დამოუკიდებელია“  ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის  სახელოვნებო სივრცეების დიდი უმრავლესობა, და რაც მთავარია, ამ სივრცეების სტუმარი/მაყურებელი, ანუ ქართული საზოგადოება დგას ქუჩაში. დგას მტკიცედ, ურყევად, მშვიდობიანად და იცავს საკუთარი სიცოცხლის, კეთილდღეობის, შვილების საფრთხეში ჩაგდების ფასად, ამ  ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

ამ წლების განმავლობაში საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა ადამიანური მოღვაწეობის თითქმის ყველა სფერო. დაწყებული მაღაროელებიდან, დამთავრებული სახვადასხვა ჯგუფის სოციალური უმცირესობებით. ერთმანეთის მხარდამხარ აღმოვჩნდით სასტიკი სისტემური ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა განსაკუთრებულად შემზარავი გახდა გასული წლის შემოდგომა-ზამთარში. ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრაციების სისხლში ჩახშობის ქრონიკები ვნახეთ,როცა უამრავი ადამიანი ყოველგავრი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ციხის გისოსებს მიღმა, მათ შორის, სტუდენტები, ომის ვეტერანები და დღესაც, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ და ვემზადებით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის, ვადგენთ ქართულ პროგრამას, რომელიც ჩვენს უცხოელ კოლეგებს გვინდა შევთავაზოთ,   მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თანამებრძოლებთან ერთად უსამართლოდ არის გამოკეტილი საკანში და ყველა სიტყვა, რომელსაც დავწერ ეძღვენბა მას/მათ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსების დღიდან ცდილობს იყოს ქართული თეატრის ხმა მთელ კულტურულ სამყაროში. ეს ხმა დროსთან ერთად გახდა სულ უფრო მნიშვნელოვანი, საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებში საკუთარი უნიკალური ადგილის მქონე და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, არც ერთ ეტაპზე არ დაუკარგავს თავისუფალებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შენარჩუნების, თუ განვითარების პროცესში ღირსეული ადგილი. და დღეს, როცა, როგორც უკვე აღვნიშნე, უმძიმესი დღეები უდგას დამოუკიდებელ თეატრალურ პროცესებს, როცა თეატრმა გამოიარა სამთვიანი გაფიცვის პერიოდი, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს პროტესტში მყოფი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც დაპატიმრებული მსახიობის თავისუფლებისთვის იბრძოდა, როცა  პოლიტიკურად მიუღებელი პოზიციისთვის რეპერტუარიდან მოიხსნა  წლის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი დევნისა და შანტაჟის გამო. ფესტივალი აგრძელებს საკუთარ მისიას და ლოზუნგით- „თავისუფლება დღეს ჩვენი“- კიდევ ერთ მნიშვნელოვან წელს გადაფურცლავს. წელს, რომელიც ვფიქრობ, მრავალი თვალსაზრისით იქნება გამორჩეული.

 

თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ არის დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე. 2019 წლიდან ის იქცა ქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოკაციად კულტურული ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისათვის, იქნება ეს წიგნის პრეზენტაცია, მუსიკალური საღამოები, დრამატურგიული ტექსტების კითხვა/განხილვა თუ სხვა. „ჰარაკი“, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, უმთავრესად ორიენტირებულია თანამედროვე სახელოვნებო პროცესების კვლევაზე, საინტერესო ექსპერიმენტების წახალისებასა და წარმოჩენაზე.  2025 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე კომპანიამ წარმოადგინა სპექტაკლი -„ჰამლეტი“.  

არსებობს ტექსტები, რომლებმაც არასდროს დაკარგეს აქტუალობა და არსებობს მათ შორის, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, რომელიც უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ გასცდა მხოლოდ დრამატურგიულად აბსოლუტურად გენიალური ნაწარმოების ფარგლებს და გადიაქცა  ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ეგზისტენციალურ მანიფესტად, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში ახერხებს ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ თემას მოერგოს უზუსტესად.

„ჰარაკის“ სპექტაკლი პიესის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს. იმდენად ბევრი და მრავალგვარია ამ ტექსტზე შექმნილი სპექტაკლების პალიტრა, რომ ერთი შეხედვით, რთულია მასში რაიმე ახლის და ჯერ ართქმულის აღმოჩენა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემთვის განმსაზღვრელი აღმოჩნდა რეჟისორის (სანდრო კალანდაძე) მხრიდან პირდაპირ დემონსტარაციიდან თეატრში შეჭრილი განწყობის ასე თამამად, გროტესკულად და სანახაობრივად გადმოცემა. მაყურებელი დანიის სამეფოს ლპობის სუნსაც კი გრძნობს ძველი ღვინის ქარხნის სარდაფში მოწყობილ თეატრში, თავად დანიის სამეფო კი ამ სარდაფის რკინის ძველი ჭიშკრის მიღმა მძვინვარებს და ფეხდაფეხ დასდევს თავისუფლებისათვის მებრძოლ დანიის უფლისწულებს, რომლებმაც მოიცვეს მთელი ჩვენი ქალაქი და ამ თეატრიდან სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე არსებულ გმირების მემორიალს შეჰფიცეს, რომ არასდროს და არაფრის ფასად არ დათმობენ თავისუფლებას, არ შეეგუებიან უსამართლობას და არ იტყვიან უარს ღირსებაზე. სპექტაკლის დასასრულს, კიბერ-პანკის ულამაზესი კოსტუმებითა და თვალისმომჭრელი კარნავალურობის პარალელურად ჰამლეტი უკან გამორბის თეატრიდან ისევ ქუჩის დემონსტრაციაზე და მას თან მიყვება მაყურებლის გულწრფელი აღტაცება, რომელიც თეატრის მაგიური ძალით ყველა ბოროტებაზე გამარჯვების გარდუვალობის იმედს არასდროს გვართმევს.

 

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი პროფესიული თეატრია. 2005 წლიდან ის ცდილობს მხარში დაუდგეს და დაუთმოს სივრცე ახალგაზრდა რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს და ა.შ. ეს არის თეატრი, რომლის სცენაზეც არა ერთი, შემდგომში უკვე ძალიან წარმატებული ხელოვანის პირველი მცდელობები იხილა მაყურებელმა. ამის დასტურია 2023-24 წლებში პირველ  დამოუკიდებელ თეატრალურ პრემია „თავისუფალში“ ორგზის გამარჯვებაც. ექსპერიმენტული და ნოვატორული თეატრალური ფორმების განვითარების მხარდამჭერი „თეატრი ათონელზე“ წელს ახალგაზრდა რეჟისორის გეგა გაგნიძის სპექტაკლით არის წარმოდგენილი ფესტივალზე. 

ფრანც კაფკას „პროცესის“  მოტივებზე რეჟისორი გვთავაზობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი რეალობის ამსახველ, თითქმის პუბიცისტურამდე დაყვანილ სპექტაკლს. რამდენადაც შინაარსი უზუსტესად ესადაგება დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობის განცდას,  უმწეობას და სისტემის მიერ ბოლომდე განწირულ მოქალაქეებს, იმდენად ფორმით სრულიად ბუნდოვან მომავალში გადააქვს  ამბავი რეჟისორსა და სცენოგრაფს და შორეული,  ტექნოგენური კულტურის პირმშოებს, ადამიანსა და რობოტებს შორის არსებულ ქმნილებებს წარმოგვიდგენს. ეს ჰუმანოიდების ეპოქაა, თუმცა მთავრი სათქმელიც სწორედ ეს არის. თუ დღეს ისევე მდუმარედ მიიღებს საზოგადოება კონკრეტული ინდივიდის თავს დატრიალებულ უსამართლობას, როგორც ამას სპექტაკლის სცენაზევე განთავსებული მაყურებელი ხვდება,  მომავალში გადავიქცევით სულიერებისგან დაცლილ არსებებად,წაშლილი ემპათიით, ადამიანურობის გამომხატველი მთავრი გრძნობით.

 

„ქალაქის თეატრი“  სამი წელია, რაც შემოუერთდა ჩვენს ქალაქში არსებულ დამოუკიდებელ სათეატრო სივრცეებასა და კოლექტივებს. ამ სამი წლის განმავლობაში შეძლო და გაიჩინა საკუთარი მაყურებელი, მოიზიდა და დააინტერესა ბევრი ხელოვანი, ბევრისთვისაც აღმოჩნდა მოტივატორი, რომ შიშველი ხელებით და დიდი ენთუზიაზმით შესაძლებელია საინტერესო პროცესის შექმნა და სხვა რა არის თეატრი თუ არა იდეალიზმი?  უკვე შემდგარი და წარმატებული თეატრალების გვერდით „ქალაქის თეატრში“ იდგმება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოდგენები, სტუდენტები ეცნობიან სპექტაკლზე მუშაობის პროცესს და სწავლობენ თეატრს, როგორც მექანიზმს. 

საფესტივალო ჩვენებების ფარგლებში „ქალაქის თეატრი“ საინტერესო და განსხვავებული წარმოდგენით გვიმასპინძლებს.  „მექანიზმი“ არის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი. მსახიობები სხეულის ენით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით გვესაუბრებიან, მოგვითხრობენ, გვრთავენ ემოციაში და მთელი ეს ინტერაქცია გადადის სასიამოვნო და ამავე დროს, ძალაინ უბრალო, სახალისო სანახაობაში, სადაც ყოფის სიმძიმით გადაღლილი მაყურებელი ტანტრას მსგავსი რიტუალის მონაწილე ხდება. პოსტმოდერნისტული და პოსტპოსტმოდერნისტული თეატრი, უკვე დიდი ხანია ცდილობს მაყურებელთან ახალი, საინტერესო კომუნიკაციის ფორმების გამონახვას, სპექტაკლი „მექანიზმი“, სწორედ ამ ტიპის მცდელობაა და ვფიქრობ, წარმატებული.

საპროტესო გამოსვლებმა, დღეს არსებული უსამართლო და რეპრესიული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ გვაჩვენა ბევრი საინტერესო კუთხე თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების და მათ შორის განსაკუთრებულად გამოიკვეთა ქალების ხმა. პატიმრების დედების გვერდით, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა იბრძვიან უსაფუძვლოდ დაკავებული 20-21 წლის შვილებისთვის დგანან ახალგაზრდა ქალები, რომლებიც  პირდაპირი მნიშვნელობით მიუძღვიან დემონსტრაციებს და ყველასთვის ქმნიან  მუხტს, რომ არ არსებობს სუსტი და ძლიერი სქესი, როდესაც საფრთხე ემუქრება საკუთარი ქვეყნის მომავალს, როდესაც ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სახელმწიფო იქცევა ძალაუფლების უზურპატორად, რომელსაც მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. დამოუკიდებელი ფემინისტური არტ კოლექტივი, სწორედ ამ საპროტესტო დინამიკაში ჩამოყალიბებული ერთობაა. ის ექვსი ქალისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სახელოვნებო მედიუმში მუშაობენ: პერფორმანსი, ტექსტი, ვიზუალური ხელოვნება, ვიდეო ინსტალაცია. კოლექტივი რადიკალური სოლიდარობისა და ხელოვნების პოლიტიკის ირგვლივ ხშირად აწყობს საჯარო პერფორმანსებს, ქვიარ არტის აქტებს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ამ ყველაფრის მიზანია რეპრესიული პოლიტიკის მხილება. 

ფემინისტური არტ კოლექტივი ფესტივალის პროგრამაში გამორჩეულად საინტერესო ნამუშევრით არის წარმოდგენილი. „ვინ მოგვიშუშებს იარებს“ გვიყვება ამბავს ქვიარი ქალებისა და მათი პერსპექტივიდან აღქმული ფაშისტური განწყობებით დამძიმებულ კულტურულ თუ პოლიტიკურ გარემოზე. მულტიმედიური პერფორმანსის  მაყურებელს აუცილებლად დააფიქრებს ადამიანების განსხვავებულუბის გამო ჩაგვრის სისასტიკეზე. შეუძლებელია დღეს, აქ და ახლა, ჩვენ გვერდით არ დავინახოთ და არ ვიყოთ სოლიდარული ადამიანების მიმართ, რომელბსაც დევნიან იდენტობის გამო, რომელებზეც საზოგადოებრივი წნეხისა თუ დანაშაულებრივი  საკანონმდებლო პოლიტიკის გავლენით უარს ამბობენ დედებიც კი, რომლებისთვისაც არასად არსებობს სიმშვიდე და ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულია საფრთხე. თუკი სულ მცირე პრეტენზია მაინც გვაქვს, რომ ვართ დიდი ისტორიისა და კულტურის ერი, რომელიც მუდმივად განვითარებას ესწრაფვის, არაფრით უნდა დავუშვათ ამ უკიდურესად დამახინჯებული რწმენა-წარმოდგენებით ჩვენი თანამოქალაქეების დევნა და ვერასდროს დაგვერქმევა თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, თუკი ჰუმანიზმი გაქრება, თუკი დავხუჭავთ თვალს ცხად ბოროტებაზე, რომელიც ადამიანის  პირად სივრცეს აქცევს მისივე დევნის იარაღად. 

2013 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოური პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვნახეთ  გენიალური წარმოდგენა პიპო დელ ბონოს რეჟისურით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ჩემთვის ამ სპექტაკლში იყო ინკლუზიური დასი, რომელიც აერთიანებდა ტიპური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს. მახსოვს, რომ მაშინ ჯერ კიდევ ძალიან შორეულ პერსპექტივად მომეჩვენა იმავე ამბის ქართულ რეალობაში წარმოდგენა, თუმცა წელს,  ფესტივალის უკვე ქართული სპექტაკლების ნუსხაში ჩვენ გვხვდება Inform-ინკლუზიური იდეების პლატფორმა წარმოდგენით FOLKS. 

Inform არის ინკლუზიური ქორეოგრაფიული კომპანია, რომელიც აერთიანებს ტიპური და სხვადასხვა საჭიროების მქონე ხელოვანებს. სპექტაკლები სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეების სცენებზეა წარმოდგენილი. გაერთიანება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ცეკვისა და თეატრის კომპანიებთან და ხელოვანებთან, მათ შორისაა საშა ვალცი. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია მაკა ჩხაიძე.

ფესტივალის სტუმრებს წელს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თუ რამდენად საინტერესოდ თანაარსებობენ სცენაზე განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის ვგრძნობდეთ და გვჯეროდეს, რომ ჩვენი შესაძლებლობების მიუხედავად, ერთმანეთისთვის შეუცვლელად საჭირონი ვართ და არაფერია უფრო ლამაზი და ამაღელვებელი, როდესაც გაქვს განცდა, რომ ყოველდღიურად სულ უფრო გამძაფრებული საფრთხისა და შიშების წინაშე არა ხარ მარტო. ეს არის ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში სამოთხის მსგავს ატმოსფეროში ახვევს მაყურებელს, სიკეთით,მშვენიერებით, თანადგომის ფაქიზი განცდით. და ჩვენ ვხედავთ, ვისმენთ და ვიაზრებთ, რომ არაფერია შეუძლებელი იქ, სადაც ადამიანის გვერდით დგას მეორე ადამიანი.

2025 წლის ქართული პროგრამა დამოუკიდებელი თეატრებისა და კომპანიების რაოდენობით გამოირჩევა და ეს არ არის შემთხვევითი. თანამედროვე ქართული თეატრი დღეს გადის ერთგვარ ეტაპს, რომელმაც ბევრი რამ უნდა გადააფასოს და ამასთანავე, შექმნას ახალი და საინტერესო გამომსახველობითი ფორმები. ამ მიმართულებით სწორედ დამოუკიდებელი სათეატრო სივრცეები გამოირჩევა და საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ცალსახად გასცდება მხოლოდ დამოუკიდებელი კომპანიებისა და თეატრების არეალს და მოიცავს სრულად თანამედროვე ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. დღეს პოლიტიკური პროტესტის წამყვან ძალასაც სწორედ ქართული თეატრის ეს ნაწილი წარმოადგენს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაშიც უდიდესია მათი როლი და მნიშვნელობა.  ყველა მოვლენას აქვს გარკვეული წინაპირობა, ზოგჯერ შესაძლოა ის დავიწყებასაც მიეცეს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელ სათეატრო სივრცეებზე მინდა გავიხსენო გასული საუკინის 90-იანი წლები, როდესაც თბილისში და შემდგომ უკვე სხვა ქალაქებშიც გაჩნდა პირველი დამოუკიდებელი თეატრები, მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესო და მრავალფეროვანი, ბევრი და იმ პერიოდისათვის ძალიან ახალი სიტყვის და ფორმის შემქმნელი “თეატრალური სარდაფი“. ამ სივრცის შემოქმედი იყო რეჟისორი ლევან წულაძე, რომელიც სახელმწიფო თეატრში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ისევ ქმნის დამოუკიდებელ თეატრს და წელს საფესტივალო პროგრამაში წარმოგვიდგენს“ სახელოსნო 42-ის“ სცენაზე დადგმულ წარმოდგენას-„ცხვირი“.

რუსული რეალიზმის მამად წოდებული ნიკოლოზ გოგოლის პიესის მიხედვით ლევან წულაძე გვთავაზობს პოლიტიკურ პამფლეტს, რომელიც დაუფარავად ამხელს წვრილფეხა ჩინოვნიკების კომფორმისტულ ბუნებას. მათში გამქრალია ადამიანური ღირებულებები და სიყვარულიც კი წარმოუდგენელია სავარძლის, ძალაუფლების და მომხვეჭელობის გარეშე. კორუფციასა და ძალმომრეობაზე აწყობილი სისტემა დგას  ერთი შეხედვით პაწაწინა ჩინს დახარბებულ ადამიანებზე. მათი მერკანტილიზმი არის საყრდენი ყველა იმ ბოროტების, რომელსაც დიდი და მათზე გაცილებით გავლენიანი პოლიტიკოსები სჩადიან. რეჟისორი თითქოს მაყურებლში ცდილობს ამ არსებების მიმართ თანაგრძნობაც კი გააღვივოს, ეს სარკაზმიცაა და ნამდვილი, ადამიანური სიბრალულიც. თემის სირთულის მიუხედავად, წარმოდგენა მსუბუქ და სანახაობრივ ელფერს არ კარგავს.  ჩვენ კი აღარაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ ვაღიაროთ ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზეა და აღარსად სხვაგან, თავად ეშმაკებსაც კი უჭირთ დაიჯერონ ვერაგობის ის მასშტაბები, რომელსაც ადამიანებმა მიაღწიეს. „ ... სანამ ამ სამყაროში, ყოველ ღამით ბოროტება ანთებს ჩირაღდნებს...“  თეატრის ერთადერთი და ყველაზე მთავარი ამოცანაა ამ ბოროტების წინაშე არასდროს დატოვოს მარტო მაყურებელი.

გვანცა გულიაშვილი

© 2025 All Rights Reserved