თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ორგანიზატორები ბრიტანეთიდან ტრადიციულად ერთმანეთზე უკეთესს (ფორმის, იდეის, მხატვრული დონისა და მასშტაბის, ნოვატორულ და ორიგინალურ) სპექტაკლებს არჩევენ ხოლმე. ამჯერად, ბრიტანელების „მოიტანე ბედნიერება“ ვნახეთ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, რომელიც კომპანია „უხილავი ჯგუფის“  პროდუქციაა. საფესტივალო კატალოგში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (სპექტაკლისა და კომპანიის შესახებ) ველოდით ორიგინალურ, უცნაურ და საინტერესო წარმოდგენას, თუმცა მოძრაობის თეატრში მისულებს სულ სხვა რეალობა დაგვხვდა. მოძრაობის თეატრის მთელი სივრცე თეთრ მრგავლ მაგიდებს ჰქონდა „ათვისებული“. გარემო თავისთავად იყო ალტერნატიული და განსხვავებული, სადაც სპექტაკლის გათამაშებას ველოდით, მაგრამ სპექტაკლის ხილვის ლოდინმა წარმოდგენის დასრულებამდე გასტანა ისე, რომ არც გარდასახული მსახიობი გვინახავს, არც რეჟისორულად აწყობილი მიზანსცენები (გაჟერებული მეტაფორებით) და არც თანმიმდევრულად, დინამიკურად მზარდი ერთი ისტორია მოგვისმენია.

„მოიტანე ბედნიერება“ წარმოადგენს ბრიტანელი მსახიობების ერთობლივ ნამუშევარს რეჟისორის გარეშე. წარმოდგენას, რომლის მიზანიც ადამიანთა ბედნიერი წუთების რეალობაში აღბეჭდვაა. ამ სანახაობას (უფრო სწორად წვეულებას) მუსიკალურად აფორმებს ბრიტანული ბენდი „Hope and Social“, რომელმაც წარმატებულად იზრუნა მაყურებლის განწყობის ამაღლებასა და მხიარულებაზე, რადგან მონოლოგები, რომელიც ბედნიერების ამსახველ ისტორიებს შეიცავდა, უფრო სევდნიან განწყობას ქმნიდა და პირისპირ გვაჯახებდა იმ რეალობას, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს. ეს რეალობა კი, არც ისე გაჟღენთილია ხანგრძლივი ბედნიერებით.
წარმოდგენის ავტორებმა ფორმა, რომელიც მათთან საურთიერთოდ შემოგვთავაზეს აპრიორი გულისხმობდა თავისუფალ ურთიერთობას და მეტ ინტერაქტივს, ვიდრე შედგა მსახიობებსა და მაყურებელს შორის. ქართველი მაყურებელი დიდად არ გამოირჩევა აქტიურობით, მაგრამ ამჯერად, არც სტუმრები „ცდილობდნენ“ მაყურებლის „შეწუხებას“. ინტერაქტივი მხოლოდ გამოცეკვებით და როგორც თავად გვითხრეს, ჩვენს მაგიდებთან ჭიქებში ჭაჭის ჩამოსხმით შემოიფარგლა. პარალეურად კი, სასიამოვნო მუსიკის არაჩვეულებრივი შემსრულებლების თანხლებით, ვისმენდით ხან ბრიტანელი, ხანაც ქართველი მოქალაქეების ბედნიერი (ხანაც სევდიანი) წუთების ისტორიებს. თბილისში ასეთი ადგილებად ზოოპარკი, თავისუფლების მოედანი, კოსტავასა და მელიქიშვილის გამზირები დასახელდა. წარმოდდგენა არ იყო კლასიკური ფორმისა და შინაარსის. შესაბამისად, მას არც განვითარება ჰქონია და არც კულმინაცია, რაც მას მონოტონურ მონოლოგების კრებულად აქცევდა.
შემოთავაზებული ფორმა თავისთავად გვკარნახობდა ქცევის წესს, გარკვეულ დამოუკიდებლობას, რომელიც ათავისუფლებდა მაყურებელს თეატრში მიჩვეული სტანდარტებისა და ეტიკეტებისაგან. სასიამოვნო განწყობის შექმნაში მაყურებელს ღვინო „Viniveria“ დაეხმარა, რომელიც ლამაზად შეკრულ თაიგულებთან ერთად მრგვალ მაგიდებს ამშვენებდა. წარმოდგენის ვერბალური თხრობა საგრძნობლად გაიწელა, თუმცა ტექსტი ბევრ მნიშვნელოვან, გნებავთ ყურადსაღებ, დეტალს შეიცავდა, რომელიც კარგად ავლენს ადამიანთა კატეგორიებს (მიუხედავად ეროვნულობისა) და მათ გრძნობებს. რეალურად, რომ შევხედოთ, ნაკლებად არიან ადამიანები მზად შეიქმნან პოზიტიური განწყობა და დაკარგულ ბედნიერებაში სწორედ თავად ადამინები არიან დამნაშავეები.
ბრიტანელმა არტისტებმა ქართველი მაყურებლის გულის მოსაგებად ფინალში „მრავალჟამიერიც“ კი შეასრულეს, რასაც ხანგრძლივი ოვაცია და მხურვალე ტაში მოჰყვა. დარბაზიდან მაყურებელიც სხვადასხვაგვარი განწყობით გამოდიოდა, ზოგი იმედგაცრუებული და ზოგიც ბედნიერი. ბედნიერები კი ამბობდნენ: ჩემთვის თეატრი მხოლოდ პარტერში ჩუმად ჯდომა არ არის, გართობა და მოლხენააო.
ფესტივალმა, ამჟერადაც, არ უღალატა თავის ტრადიციას: მსოფლიო თეატრალურ შედევრებთან ერთად, პროგრამაში შემოგვთავაზა ჩვენთვის ნაცნობი, თუმცა ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელი სათეატრო ფორმის ერთ-ერთი მიმართულება, თუნდაც განსჯისა, დისკუსიისა და ანალიზისათვის.
ასე რომ, არ ვიცი ბრიტანელმა მსახიობებმა და მუსიკოსებმა მოუტანეს თუ არა ბედნიერება ქართველ მაყურებელს, მაგრამ ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: ბედნიერება მარტივი მოსაპოვეელია, მთავარია გქონდეს სურვილი მისი პოვნის, რადგან ის აქვეა, მთავარია გსურდეს შეამჩნიო იგი შენს გვერდით.

ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved