ლელა ოჩიაური
17 წელია, და წლიდან წლამდე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალს ველოდებით და ვიცით, მოლოდინი ყოველთვის გაამართლებს. გამოცდილებამ გაგვანებივრა და იმის ამბიციაც გაგვიჩინა, რომ ფესტივალის არაჩვეულებრივი (გადაჭარბების გარეშე გუნდი), ეკა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, თამასას არ დასწევს და პროგრამაში აუცილებლად ჩართავს - რაღაც გამორჩეულსა და განსაკუთრებულს, თანამედროვ მსოფლიო თეატრის საგანძურიდან.
წელს ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა შემოდგომის ნაცვლად, ზაფხულში ტარდება და რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლს აერთიანებს - კარგად ნაცნობი და პირველად, საქართველოში, თეატრებიდან. ესენია - კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო 7 ლექცია და 5 მორალური ზღაპარი“ - პოლონეთი, „ნოვი“ თეატრი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქშიშტოფ ვარლიკოვსკი; მოლო რაოს „მისანი“, გერმანია, თეატრი „შაუბიუნე“; ამალია ბენეტის „სხვა ხედვა“, საბერძნეთი, თეატრი „სიდს“; ჟეიმს ტიერე, „რანდე ვუ“, საფრანგეთი-შვეიცარია, თეატრი La Compagnie du Hanneton დავით აბრამიანის „აზნაური: მოგზაურობა დროსა და მუსიკაში“, ერევნის სახელმწიფო კამერული თეატრი; დინა ჟუმაბაევას „ჰამლეტი. ბოლო დღეები“, გაბიტ მუსრეპოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
ქართული „შოუქეისი“ კი, ტრადიციულად, შემოდგომაზე გაიმართება და ასევე, ტრადიციულად, თავს მოუყრის, 20025-20026 წლების სეზონში, საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს.
2026 წლის ფესტივალის უცხოური პროგრამა 13 ივნისს, თეატრი სახელოსნო 42-ის პავილიონში, კშიშტოფ ვარლიკოვსკის, ძალიან ცნობილი, ბევრჯერ პრემირებული, მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში წარდგენილი, 2024 წლის სპექტაკლით „ელიზაბეთ კოსტელო - 7 ლექცია, 5 მორალური ზღაპარი“ - გაიხსნა. მართლა ზღაპრული წარმოდგენით - გაჯერებული ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი პრობლემებით, რომლის მხატვრული გადაწყვეტისთვის რეჟისორი იყენებს - დრამის, ფარსის, ირონიის, ფანტასტიკის ელემენტებს; კულტურის, ისტორიული გამოცდილების, მეხსიერებისა და საზოგადოების დღევანდელობის გამომსახველ ფრაგმენტებსა და ატრიბუტიკას და დაკარგული დროის ძიებასთან ერთად სამყაროში სიმართლისა და გადარჩენის სხივებსა და გზებს ეძებს.
„ელიზაბეთ კოსტელო“ დადგმულია პიოტრ გრუშჩინსკის პიესაზე, რომელიც ჯონ მაქსველ კუტზეეს რამდენიმე მოთხრობის -„ელიზაბეთ კოსტელო“, „ნელი კაცი“, „როგორც ქალი ბერდება“, „ამაოება“, „მინის სასაკლაო“ - დრამატურგიულ ღერზძეა აგებული და რამდენიმე ავტორის ტექსტების - ფილიპ პარენოს „ყველგან, ოღონდ სამყაროს გარდა“; სოფი კალეს „უკანასკნელი ფოტო“, „რეალური ისტორიები“, „ჩრდილოეთ პოლუსი“; ფრანც კაფკას „მოხსენებითი ბარათი აკადემიას“; გოეთეს „ფაუსტი“, ფრენსის ფარმერის „ღმერთი კვდება“ - ფრაგმენტებს აერთიანებს.
რადიკალურად განსხვავებული ავტორების განსხვავებულ თემატიკასა და პრობლემატიკაზე აწყობილ სპექტაკლს რთული დრამატურგიული აგებულება და მიმართულებების ვრცელი სპექტრი აქვს.
სპექტკლში მონაწილეობენ - მაია კომაროვსკა და მარიუშ ბონაშევსკი (პოლონური კინოსა და თეატრის დიდი ვარსკვლავები), ანდჟეი ჩაირა, პიოტრ პოლაკი, მალგოჟატა ჰაიევსკა-კშიშტოფიკი, ჰიროაკი მურაკამი, მონიკა ნიემჩიკი, მაია ოსტაჟევსკა, ეველინა პანკოვსკა, იაცეკ პონიედზიალეკი, მაგდალენა პოპლავსკა; კომპოზიტორია: პაველ მაიკიეტინი, სცენოგრაფია და კოსტუმები: მალგორჟატა შჩეშნიაკი, განათება: ფელის როსი, დარიუშ ადამსკი, ვიდეო და ანიმაცია: კამილ პოლაკი; ფოტო: მაგდა ჰუკელი, ვიდეო: იოჟვინი, ოპერატორი ბართლომე ზავილა, გრიმი: მონიკა კალეტა, ხმა: მიროსლავ ბარკოტი, სუბტიტრები: ზოფია ჟიმანოვსკა.
„ელიზაბეთ კოსტელო“ ოთხი საათი გრძელდება და წამითაც „არ ჩუმდება“. აქ არაა პაუზები და ეპიზოდები მუდმივად ახალ ფაზაში გადადიან. შინაგანი დრამატიზმი და „გარეგნული“ სიმშვიდე, სამყაროების ძალიან დახვეწილი კავშირი რეჟისორის პასუხია რეალობაზე და რეაქცია; მსჯელობა და კვლევა - სიკვდილისა და სიცოცხლის, ძალადობის უწყვეტობისა და მასთან დაპირისპირებისა თუ მორჩილება-ხელშეწყობის, მორალური გადარჩენის, ღმერთის არსებობისა და ცხოვრების ამაობის თაობაზე.
ელიზაბეთ კოსტელო მუდამ იცვლის სახეს. მაია კომაროვსკასთან ერთად მის ამ სახეცვლილებაში სხვა მსახიობებიც ჩართული არიან - სხვადახვა ლექციის პროცესში ისინიც მთავარ პერსონაჟად გარდაისახებიან - ელიზაბეთ კოსტელოდ - და ზღაპრების მთავარი პერსონაჟი ხდებიან. მის სხვადასხვა მდგომარეობას წარმოადგენენ. მისი შინაგანი მდგომარეობის სხვადასხვა განსხეულებასა და სხვადასხვა სახეში გამოხატულ ფიქრებს, განცდებს, ხედვას, აღქმებს, დამოკიდებულებებს, სურვილებს, შემოქმედებით ფსიქოლოგიასა და ცხოვრების სირთულეებსა და ელემენტარულ სიხარულს, რომელიც ყოველდღიურობაში არსებობს.
ერთი მხრივ, ეს კოსტელოს შინაგანი მონოლოგები და მათი „პრაქტიკაში“ გამოხატულებაა, როგორც ცხოვრების, ბიოგრაფიის, ყოფისა (ოჯახურ გარემოცვაში და უცხოებთან) და შემოქმედების და ამ ნიშნით, საზოგადოებასთან კავშირის ნაწილი; მეორე მხრივ - რეპლიკები და კომენტარები, რომლებითაც მას ნარატორი, პერიოდულად აფასებს და ეხმიანება.
ნარატორიც იცვლის სახესა და ხან განყენებული დამკვირვებელი და „მთხრობელი/კომენტატორია“ და ხან მოვლენების უშუალო მონაწილე. და ხან, კოსტელოს პერსონაჟი, რომელიც „ცოცხლდება“ და საკუთარი ისტორია გადახდება თავს.
ასევე იცვლებიან სხვა მოქმედი გმირების განსახიერებისას და ერთიან, დიდებულ ანსამბლს ქმნიან. დაუჯერებლს, და დიდებულს. ყოველგვარი „არტისტული“ ეფექტების, ყალბი და ხელოვნური „სიმართლის“ გამოხატულების ნაცადი ხერხების გარეშე.
მუდმივად, თუმცა მსუბუქად და მარტივად იცვლება გარემო - სამოქმედო სივრცე, მოქმედების ადგილები - ანტარქტიდიდან სასტუმროს ნომრებამდე, ტუალეტიდან მინის პავილიონამდე და დიდ დარბაზებამდე, ქალაქების ქუჩებიდან ბუნების წიაღამდე - ერთიან და ღია სივრცეშია მოქცეული, და შევსებული და გამთლიანებულია - პროექციით, ვიდეო და ფოტოგამოსახულებებით; ცოცხალი ხმებითა და ხმის ჩანაწერებით (საგანგებო გაფრთხილება ანოტაციაში - „სპექტაკლში გამოყენებულია სტრობოსკოპული განათება, მაღალი ხმა, ცხოველების იმიტაციის ობიექტები“) ცოცხალი პროექციითა და რეკვიზიტისა და დეკორაციის დეტალების (იქვე, სცენაზე შემოსული ტექნიკური პერსონალიხ ხელით) ალაგებით, დალაგებითა და გადაადგილებით.
აქ ყველაფერი შიშველია, გახსნილია,ცოცხალია ან უნდა გაშიშვლდეს, გაიხსნას და გაცხადდეს. როგორც აღსარებაზე, არსებობის გაგრძელების მოტივაციაზე, რომელიც მსოფლიო კულტურის ძვირფასეულობებს აერთიანებს და რწმენის, იმედის, სიცოცხლისა და ცხოვრების გამართლების მორალურ კოდებს შეიცავს.
რამდენიმე წლის წინათ, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ (მარსელ პრუსტის რომანის „დაკარგული დროის ძიებაში“ მიხედვითა და სხვა ავტორების ნაწარმოებების ჩართულობით), სარეჟისორო გადაწყვეტის, სტილისტიკის მხრივ, გავდა „ელიზაბეთ კოსტელოს“ და ასეთივე მონუმენტური იყო - პრობლემატიკითა და მხატვრული ხერხების სიუხვით.
„ფრანგების “ მსგავსად, „ელიზაბეთ კოსტელო, 7 ლექცია, 5 მორალური ზღაპარი“ დროისა და სივრცის უსასრულობაში გადადის, გარღვევაა დროსა და სივრცეში, სინამდვილის ანაბეჭდი და შემოქმედის ფანტაზიის სხვადასხვა რაკურსით გამოხატულება. და, თუ დაკვირვებით შევხედავთ და გულისყურით მოვუსმენთ, არა ერთ მიმზიდველ აღმოჩენას გავაკეთებთ, სამყაროს შემოქმედებით ხედვასთან, სარეჟისორო, სამსახიობო შესაძლებლობებთან, ფორმებთან, თანამედროვე თეატრალურ აზროვნებასთან დაკავშირებით.