ომის რეპორტიორები

  • რეჟისორი: სებასტიან ფუკო
  • თეატრი:კომპანია ,,Cie QUE FAIRE?''
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 17 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 18 ოქტომბერი - 20:00 სთ,

ჟიული რემაკლი, სებასტიან ფუკო და ანსამბლი

დოკუმენტური თეატრი

 

რეჟისორი: სებასტიან ფუკო
კომპოზიტორი: ალფ კევინ ჟასპარი
დიზაინერი: ანტონ ლუკასი

ხანგრძლივობა: 95 წუთი, შესვენების გარეშე

 

მონაწილეობენ:
ფრანსუაზ ვალმაკი, ვედრანა ბოჟინოვიჩი, მიშელ ვილე

 

ფოტოებზე გამოსახული მსახიობები (მარცხნიდან მარჯვნივ):

ფოტო 1: ფრანსუაზ ვალმაკი

ფოტო 2: მიშელ ვილე

ფოტო 3: ვედრანა ბოჟინოვიჩი, ფრანსუაზ ვალმაკი და მიშელ ვილე

ფოტო 4: ვედრანა ბოჟინოვიჩი და მიშელ ვილე

ფოტო 5: მიშელ ვილე

ფოტო 6: მიშელ ვილე

ფოტო 7: მიშელ ვილე და ფრანსუაზ ვალმაკი

ფოტო 8: ვედრანა ბოჟინოვიჩი და მიშელ ვილე

ფოტო 9: მიშელ ვილე

ფოტო 10: ვედრანა ბოჟინოვიჩი

ფოტო  11: ვედრანა ბოჟინოვიჩი და ფრანსუაზ ვალმაკი

ფოტო 12: მიშელ ვილე და ვედრანა ბოჟინოვიჩი

ფოტო 13: ვედრანა ბოჟინოვიჩი და ფრანსუაზ ვალმაკი

ფოტო 14: ჟიული რემაკლი, დრამატურგი, პიესის ავტორი.

ფოტო 15: სებასტიან ფუკო, რეჟისორი.

ფოტოსურათების ავტორები:

ფოტო 1: ფრანსუაზ ვალმაკი

ფოტო 2: დომინიკ ჰუკმან-გოლდო

ფოტო 3, 4, 5 და 6: ფრანსუაზ რობერი

ფოტოები 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14: სელინ შარიო

ფოტო 15: დავიდ მურჯია

 

სპექტაკლის შესახებ:

,,ომის რეპორტიორები'' თეატრალური დოკუმენტური სპექტაკლია ბოსნიის ომის შესახებ -  დღევანდელი მოვლენებისთვის აქტუალური მეტაფორა.

90-იანი წლების დასაწყისში ასობით ჟურნალისტი ჩავიდა მთელი მსოფლიოდან ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტის გასაშუქებლად - იუგოსლავიაში, იმ ევროპის გულში, რომელსაც სწამდა, რომ ომის წინააღმდეგ აცრა ხელთ ეპყრა. და რა გვახსოვს ჩვენ, როგორც მაყურებელს, ამ ომებზე ოცდახუთი წლის შემდეგ? ლამის აღარაფერი, მხოლოდ ბუნდოვანი კლიშირებული წარმოდგენები შემოგვრჩა - მიწა და მტვერი.

 ,, ომის რეპორტიორებისთვის" მზადებისას, ვედრანა ბოჟინოვიჩი ( სარაევოს ალყის დროს ჟურნალისტი იყო, ახლა მეთოჯინეა) და მიშელ ვილე ( ბელგიური MSF-ს ყოფილი პრეს-სამსახურის თანამშრომელი, ახლა მეთოჯინე) თან ახლდნენ ფრანსუაზ ვალმაკს (RTBF -ს ჟურნალისტი) და ერთად მიმოიხილეს ყველა საოცარი რეპორტაჟი, რომელიც ვალმაკმა ბოსნიაში 1991 და 1995 წლებს შორის მოამზადა. როგორ უნდა გადმოსცე ომის ამბები: როგორც ჟურნალისტმა თუ როგორც ხელოვანმა? როგორია დიალოგის ის სახეობა, რომელიც ხელოვნებასა და ჟურნალისტიკას შორისაა შესაძლებელი?   შეუძლია ჟურნალიზმსა და ხელოვნებას წინ აღუდგეს ქაოსს და ნგრევას? როგორ?

სცენაზე ფრანსუაზი, ვედრანა და მიშელი ერთმანეთთან შესაპირისპირებლად ყვებიან ა) საკუთარ მოგონებებს; ბ) იმ ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტების მოგონებებს, ვინც ომს აშუქებდა, და გ) იმ მოწმეების მოგონებებს, რომლებიც ბელგიელმა ჟურნალისტმა ომის დროსაც ჩაიწერა და 25 წლის შემდეგაც.ესაა  უამრავი ცოცხალი, განუმეორებელი, უმნიშვნელოვანესი მოგონება, თითოეული მათგანი ნაამბობია იმ ხერხის მოსაძიებლად, რომელიც მომავლისათვის თვალის გასწორებაში დაგვეხმარება.

 

რას ამბობს პრესა და რას ამბობენ პროფესიონალები 

,, Kunstenfestivaldesarts-ზე წარმოდგენილია სპექტაკლი,რომელიც მტკივნეულად ეხმიანება დღევანდელ მოვლენებს. როგორ უნდა მოვყვეთ ომზე, როგორ უნდა ამოვთქვათ გამოუთქმელი,  სამომავლოდ რომ ავიცილოთ სისხლიანი ძალადობის წამოფეთქება? სებასტიან ფუკო ამ კითხვას  თავის ,,ომის რეპორტიორებში" ბოსნიის ომთან მიბრუნებით პასუხობს... ხელოვნების ნიმუში რომელიც აძლიერებს მაყურებლის სულს, თანაუგრძნობს დანაკარგების გამო, მსოფლიოში ძალადობის და სისხლისღვრის თესლთა ბნევას მტკიცედ ეწინააღმდეგება."

 Le MAD / Le Soir

,,ამბიციური და შესანიშნავად დოკუმენტირებული წარმოდგენა, რომელიც ბოსნიის ომსა და მის შემდგომ პერიოდს უბრუნდება, რათა დასაბუთებულად დაგმოს ნაციონალიზმის დღევანდელი აღმავლობა."

 Le Vif Magazine

,,ეს მოგონებები ისე მიეცემა დავიწყებას, როგორც ცრემლები წვიმაში", როის, ,,ბლეიდ რანერის" პერსონაჟის, განადგურებისთვის განწირული ადამიანი- რობოტის ამ სიტყვებით იწყება ,, ომის რეპორტიორები".  მაყურებელი თითქოს ყველაფერს მოელის,  რიდლი სკოტის საკულტო ფილმის ციტირების გარდა, მაგრამ მას მალევე ელოდება სებასტიენ ფუკოს  დოკუმენტურ სპექტაკლში სრული გაზავება, თეატრალური აღმოჩენით, რომელიც

აცოცხლებს ბოსნიის ომს, რათა ხელახლა იქნას გააზრებული ჟურნალისტების როლი და მათი პასუხისმგებლობა მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტზე. მიუხედავად ამისა, ,,ბლეიდ რანერიდან" მომავალი ასოციაციური ძაფით თანმიმდევრულად იქსოვება  თავბრუდამხვევი კონფლიქტის სპირალები - კონფლიქტისა, რომელსაც პრესა ისეთივე გულმოდგინებით აშუქებს, როგორც დღევანდელ ომს უკრაინაში და მაინც, ჩვენს ქვეყანაში იგი თითქმის აღარავის ახსოვს.. როგორც ცრემლები გაქრა წვიმაში."

Le Soir

,,თხრობის სიცხადე და რეჟისორის ოსტატობა ბევრ რამეს გვასწავლის და თან სრულიად გვნუსხავს იმით, რასაც სპექტაკლი გვიამბობს“.  

Le Suricate Magazine

,, სებასტიან ფუკოსა და მის გონიერ გუნდს თეატრალური მასალისა და მისი სირთულისადმი უდიდესი პატივისცემით შევყავართ წარსულის პერიპეტიებში და ევროპის გეოპოლიტიკას ჟურნალისტური ანალიზის პრიზმაში წარმოაჩენს. ეს არის უძლიერესი თეატრალური მომენტი, რომელიც  რეალობას ეხმიანება და ნათლად გვიჩვენებს, რა მეტისმეტად თავდაჯერებულია კაცობრიობა." 

 პიტერ თისი, TN -ის რეჟისორი, ბრუსელი

,, სულისშემძვრელი რეკონსტრუქცია, რომელიც ძალზე ჭკვიანურად გამოკვეთს  კავშირს ბოსნიასა და ბელგიაში არსებულ ვითარებას შორის. ,,ეს ის ადგილია, სადაც უნდა იტირო", ამბობს ვედრანა. "მაგრამ არ ინერვიულო, ხუთ წუთში ყველაფერი დაგავიწყდება." რაც სიმართლისგან შორსაა. რამდენიმე დღის შემდეგ, შთაბეჭდილება ჯერ არ განელებულა." Focus Vif

,,იმ დროს, როდესაც უკრაინა, თებერვლიდან მოყოლებული, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას, ხოლო ნაციონალისტური პარტიები სულ უფრო მეტ ხმას იღებს ევროპაში, ეს სპექტაკლი გამოწვევად გვევლინება და ყოფილი იუგოსლავიის ომის ფონზე  ბევრ მსგავს მოგონებებს აცოცხლებს. ,, მართლა უვიცი და სულელი ყოფილხარ, თუ გგონია. რომ ომი შენს ქვეყანაში არასოდეს მოხდება," ასეთია  ვედრანა ბოჟინოვიჩის გაფრთხილება."

La Libre Belgique

,, სპექტაკლისაგან მიღებული შოკი თავიდან გულისკენ დაგირბენს, გულიდან - მუცლისკენ, შემდეგ ისევ გულს უჭერს, იმდენად წარმოუდგენლად დამაჯერებელია შემსრულებლების თამაში." 

PZAZZ

,, უცნაურ დამთხვევად არ ჩამითვლია, რომ სებასტიან ფუკოს  (Cie Que Faire? კომპანიის) წარმოდგენა იმ დღეს აღმოვაჩინე, როცა  ჟურნალისტ შირინ აბუ აკლეს მკვლელობის ამბავი შევიტყვე ( შირინი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს წლების განმავლობაში აშუქებდა); სარაევოს ალყის მტკივნეული გახსენება იმ დღეს დაემთხვა, როცა მარიუპოლი დაუზოგავად იბომბებოდა -  და ბარბაროსობის ეს საძაგელი განმეორებადობა ააშკარავებდა, რომ ომი ყველგანაა, ლატენტურ მდგომარეობაში, მზადაა, მოულოდნელად გამოიღვიძოს და შთანთქმას ყველაფერი, სადამდეც საცეცები მიუწვდება, რადგან ამ აულაგმავ სიველურეს ჩაუხშია გონიერების ხმა. სპექტაკლი, რომელსაც არაჩვეულებრივი სამეული თამაშობს, ენებსაც ეთამაშება ( ბოსნიურის, ინგლისურის, ფრანგულისა და ფლანდრიულის მონაცვლეობა) - და ეს ჭკვიანური გათვლაა, რადგან მოთხრობილი ამბების ჩვენთან შესაძლო სიახლოვეზე მიუთითებს. ორი სიტყვით რომ ვთქვა, არაჩვეულებრივი ნამუშევარია!" 

პატრიკ პენო, ფესტივალ  Sens Interdit-ის დირექტორი, ლიონი

,, აუცილებლად სანახავი, ღრმად ადამიანური, მშვენიერი, ბრძნული, გაბედული, აღმაფრთოვანებელი, გულისგამგმირავი, ნაზი, ამაღელვებელი, სუნთქვის წამრთმევი და ფაქიზად შესრულებული მძიმე ნამუშევარი." 

 რავენ რიუელი, ბელგიელი რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი

,, ერთი ნახვა არ კმარა ასეთი დიდი ნამუშევრის შესაფასებლად. მაგრამ იგი აღმაფრთოვანებელია.. მერე დაუსრულებლად ფიქრობ ამ სპექტაკლზე." 

კაროლინ ლამარში, მწერალი

თუ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ:

მოუსმინეთ სებასტიან ფუკოსა და ფრანსუაზ ვალმაკის საუბარს ,, ომის რეპორტიორების" შესახებ. ჩაწერილია France Culture-ის მიერ, ინტერვიუერი: ორელი შარონი ( პოდკასტის ავტორი). 

https://www.franceculture.fr/emissions/tous-en-scene/reporters-de-guerre-sur-scene-

25 წელიწადი სარაევოს შემდეგ

დამატებითი მასალები, რომელთა გამოყენება შეიძლება მოისურვოთ სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას:

თანამშრომბლობა (პროდისერები / სპონსორები/პარტნიორები)

სპექტაკლი Cie Que Faire?-ის, ASBL-ისა და ლიეჟის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა, დაიდგა შემდეგ ინსტიტუციებთან და ფესიტვალებთან თანამშრომლობით: 

 Kunstenfestivaldesarts ( ბელგია)

 Tandem Arras-Douai (საფრანგეთი),

 Théâtre Les Tanneurs, ბრუსელი ( ბელგია) 

 NTGent - ქალაქ გენტის სახელმწიფო თეატრი ( ბელგია)

ზაგრების ( ხორვატია) ნაციონალური თეატრი

ბელგიის ფედერალური საგადსახადო სამსახური

ინვერის საგადასახადო-საინვესტიციო სამსახური

RTBF - ბელგიის ფრანგულენოვანი რადიო და ტელევიზია

ბრიუსელ- ვალონიის ფედერაციის სამინისტროს თეატრალური სამსახური;  პროექტი Démocratie ou Barbarie (Décret-mémoire).

 

დადგმაზე მუშაობდნენ:

რეჟისორი- სებასტიან ფუკო

დრამატურგი - ჟიული რემაკლი

ტექსტზე მუშაობდნენ -  სებასტიან ფუკო, ჟიული რემაკლი და ანსამბლი 

როლებს ასრულებენ -  - ფრანსუაზ ვალმაკი, ვედრანა ბოჟინოვიჩი, მიშელ ვილე

კვლევებს ატარებდნენ - სებასტიან ფუკო, ფრანსუაზ ვალმაკი, ვედრანა ბოჟინოვიჩი, 

მიშელ ვილე, მაშა იუხნერ-მარტინესი, მირნა რუსტემოვიჩი, მაქსიმ იანისი, ნიკშა კუშელჯი

ასისტენტი - ჟან ბერჟე

პროდუქციის მენეჯერი, ტურმენეჯერი - მაშა იუხნერ-მარტინესი

სცენის დიზაინი - ანტონ ლუკასი

განათების დიზაინი - კასპარ ლანგჰოფი

ხმის დიზაინი - კევინ ალფ ჯასპარი

სცენის და ვიდეომენეჯერი - იენს ბაუდიში

სცენის მენეჯერი - ოლივიე არნოლდი

თოჯინების ავტორი -  ლოიკ ნებრედა

დეკორაციები - სანდრა ბელუა; სედრიკ დებატი

ინფოგრაფია - ჟულიენ იუბერი

დოკუმენტური კვლევა - კრისტინ ფუკო

 თარგმანი - ბორის რადოვიჩი, ლეილა პუტკიფსი.

 

უფრო ვრცლად :

დრამატურგია

შესაძლებელია, რომ ვინმემ ( და თუ შესაძლებელია, როგორ?) ომის  შესახებ უამბოს ადამიანს, რომელსაც ომი არ უნახავს და განუცდია? 

სპექტაკლი ორ ნაწილად იყოფა: 

1.  რადიოვარიაციების ( თეატრალიზებულია) მეშვეობით, სპექტაკლის სამი მონაწილე ბოსნიაში მომხდარი ომის შესახებ ყვება - ისეთი ომის, როგორის მოწმენიც თავად იყვნენ. 

2. ტუზლას მივიწყებული ხოცვა-ჟლეტის თეატრალური ვარიაციები. ყურადღების ცენტრშია მისი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლის, ორნახევარი წლის სანდრო კალესიჩის სიკვდილი. სპექტაკლი ხოცვა-ჟლეტის სიზმრისმაგვარი რეკონსტრუქციით მთავრდება.

 

სპექტაკლის ირგვლივ

მსურველებს უორკოშპებს ვთავაზობთ. სათაურად მათ ექნება ,,ძალადობა და რეპარაციები", დამდგმელი რეჟისორია სებასტიან ფუკო, მას თანამშროლობას გაუწევს მეთოჯინე ან ფოტოჟურნალისტი, შესაძლოა, რადიოჟურნალისტი.  ასეთი უორკშოპი შევთავაზეთ მაყურებელს Tandem Douai-Arras-სა в Théâtre Les Tanneurs-ში სპექტაკლის წარდგენისას ( ბრიუსელის სახელოვნებო ფესტივალის Kunstenfestivaldesarts ფარგლებში), ჟურნალისტებთან და ბალკანეთის სპეციალისტებთან საუბრის შემდეგ. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრადიციული აუდიტორიების გარდა, სპექტაკლი  ,,ომის რეპორტიორი" განსაკუთრებულად საინტერესო იქნება აკადემიური და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელთათვის ( 2022 წლის ნოემბერში სპექტაკლი ბრუსელში, ევროპული ჟურნალისტიკის კონფერენციაზე მიიწვიეს.). 

წარმოდგენაზე დასწრება მხოლოდ 14 წელზე უფროსი ბავშვებისთვისაა რეკომენდებული: საგანმანათლებლო საჭიროებებისათვის არსებობს საგანგებოდ მომზადებული ფაილი, რომელიც იმ მასწავლებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ამ მასალის გამოყენების სურვილი ექნებათ.

მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მოიძიოთ  Excerpts from the portrait; Sébastien Foucault, récolteur; histoire(s);, დაწერილია Théâtre Les Tanneurs (ბრუსელი) მსახიობების მიერ.

 

დაე, ცოცხლებმა ილაპარაკონ

ჟურნალისტური საქმიანობის ათასგვარი მეთოდი არსებობს. ,, ომის რეპორტიორების" დასადგმელად, სებასტიან ფუკომ რადიო აირჩია - მედიასაშუალება, რომელიც მის ცხოვრებაში ყოველდღე ფიგურირებს და რომელმაც გარემო სამყარომდე გზა გაუხსნა. როგორც ფრანსუზ ვალმაკი ამბობს, ,,რადიო უფრო ინტიმურია.. მეტ პატივისცემას იჩენს ადამიანების მიმართ. აქ არ მუშაობს კამერა, რომელიც შენს ,,ჩაყლაპვას", შენი სახების მოპარვას ცდილობს. რადიო არ სდევს სენსაციებს, ამითაც განსხვავდება ტელევიზიისა თუ ინტერნეტისგან." ამ პროექტის მზადებისას სებასტიან ფუკომ სწორედ ფრანსუაზ ვალმაკს მიმართა, RTBF-ს ჟურნალისტს. 1992-1995 წლებში ბოსნიის კონფლიქტის გაშუქებისას ფრანსუაზი მთელ ყურადღებას სამოქალაქო პირების - ადამიანებისაკენ მიმართავდა, გარემოებათა ტყვეებისაკენ, რომელთაც ამ ომში თავ-თავიანთი ტრაგედიები გადაიტანეს. მისი რეპორტაჟების მეშვეობით მსმენელი ბევრს იტყობდა, მაგრამ თან თვითიდენტიფიკაციასაც ახდენდა. ისტორიკოს სვეტლანა ალექსიევიჩის მსგავსად, რომელმაც სებასტიანის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია, ფრანსუაზ ვალმაკიც, ფაქტების ისტორიაზე მეტად, ემოციების ისტორიის დოკუმენტირებას ახდენს. 

ფრანსუაზ ვალმაკი არ არის ,,ომის რეპორტიორების" მთავარი გმირი, მაყურებლის ალტერ ეგო უფროა - იგი სამყაროს აღქმის საკუთარ გამოცდილებას იტოვებს. სებასტიან ფუკომ მას სცენაზე გვერდით ისეთი მსახიობები დაუყენა, რომლებსაც ბოსნიის ომი უშუალოდ ან ირიბად შეეხო. ბოსნიის მხრიდან მრავალჯერადი მიმართვისა და საპასუხო შეპირებების მიუხედავად, ეს ქვეყანა კვლავაც ევროპის ,,ველებზე" რჩება, ომი კი კვლავაც აგრძელებს წარმოსახვისა თუ პოლიტიკური დისკურსების ამღვრევას. 2019 და 2021 წლებს შორის, სებასტიან ფუკო და მისი გუნდი რამდენჯერმე ჩავიდა ბოსნიაში მასალებზე სამუშაოდ, საკვლევად და იმ ადგილობრივ თუ უცხოელ ჟურნალისტებთან შესახვედრად, იუგოსლავიის დაშლის პროცესს რომ აშუქებდნენ. შეხვდნენ ტრაგიკული მოვლენების მოწმეებსაც, რომელთაგანაც ფრანსუაზ ვალმაკი 25 წლის წინ ინტერვიუებს იწერდა. ამგვარად, ამ პროცესში სულ სხვადასხვაგვარი მიდგომა აღმოაჩინეს ჟურნალისტის პროფესიისადმი, და სპექტაკლში ეს ჯეროვნადაა ასახული. რა უნდა დარჩეს დაფარული, რაზე ჯობს დუმილი და რა არის სამზეოზე გამოსატანი? ,,ომის რეპორტიორები" კოლექტიურ და მრავალხმიან ამბავს ყვება, რომელშიც გამოცდილებები, სენსიტიური საკითხები და თვალთახედვები ზოგჯერ ერთმანეთს ერთგვარი ჰარმონიული თანწყობით უპირისპირდება: ადგილობრივი და გარე პერსპექტივები, უშუალო და ირიბი მოწმეები, ხელოვანები და ჟურნალისტები, ცენტრალური ევროპის მკვიდრნი და აღმოსავლეთევროპელები.  

 

ომის თემა

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სებასტიან ფუკოს სამუშაოს ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური და კოლექტიური ძალადობის მექანიზმებისა და მათი მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ტანჯვის ანალიზი იყო. ამ კონტექსტში ომი, რომელიც ადამიანსა თუ ადამიანთა ჯგუფებს  ტრაგიკულ გამოცდილებას უტოვებს, ობსესიურ თემად შეიძლება იქცეს. ომი  ადამიანთა დიდ ნაწილში ყველაზე უარეს თვისებებს ავლენს, მაგრამ ზოგჯერ საუკეთესოსაც, რაც კი არის ადამიანში. ყოფილი იუგოსლავიის ომები ჩვენი საერთო სახლიდან ლამის ქვის გასრილის მანძილზე მიმდინარეობდა და ეს ის დროა, როცა სებასტიან ფუკო მხოლოდ იწყებდა სამყაროს ცნობიერ აღქმას. ახლა, როდესაც ევროპულ პროექტს არაერთი პრობლემა აქვს, როდესაც იდენტობაზე დაფუძნებული სიძულვილი კვლავ იჩენს თავს, ფუკოს ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნია კითხვა, თუ რა ხდებოდა ერთიანი იუგოსლავიის დაშლის პერიოდში.

 

ხელოვნება, როგორც ხსნა  

სებასტიან ფუკო გააოგნა  იმ ფაქტმა, რომ კულტურული ცხოვრება - თეატრები, კონცერტები, გამოფენები, მის სარაევოს კონკურსი - სარაევოს ალყის დროსაც კი არ გაჩერებულა და ყველაფრის მიუხედავად გრძელდებოდა. თითქოს ხელოვნება იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ჩასაჭიდი და დასაყრდენი განადგურების, აღსასრულის განცდისაგან თავის დასაღწევად, თითქოს ომის საშინელების შემსწრეთათვის მხოლოდ ის  ანიჭებდა არსებობას საზრისს  (თუნდაც მოჩვენებითს).

,,მეორეხარისხოვანი? არც ისე არსებითი? ხელოვნებაზე, კულტურაზე შეიძლება ამის თქმა?'' აპროტესტებს სებასტიანი.

სპექტაკლ ,,ომის რეპორტიორების" მსახიობები, ქალებიცა და კაცებიც, ომის ცოცხალი მოწმეები არიან. როგორც ხელოვანები, ისინი საშემსრულებლო ტექნიკას იხვეწენ; როგორც  კატასტროფის მოწმეები -  თვით ისტორიას განასახიერებენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).  სებასტიან ფუკო ცდილობს გაიგოს, რატომ მიუბრუნდა ყველა ეს ადამიანი ხელოვნებას ტრავმული ეპიზოდების განცდის შემდეგ. ფრანსუაზ ვალმაკი, რომელიც სპექტაკლში საკუთარ თავს თამაშობს, დანარჩენებთან ერთად მონაწილეობს ამ შემოქმედებით აქტში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მან გარს ხელოვანები იმისთვის შემოიკრიბა,  რათა სცენაზე თამაშით ხელახლა გაეცოცხლებინა ომის დროს განცდილ-გამოვლილი სიტუაციები და სხვა გამოსახველობითი ენით წარედგინა მაყურებლისთვის.

 

With the support of Wallonie-Bruxelles International

 

კომპანია ,,Cie Que faire?" ორ არტისტს, ჟიული რემაკლს და სებასტიან ფუკოს აერთიანებს, ამ ორს კი - საერთო სურვილი, მსოფლიო მოვლენების მიმართ უძლურების განცდა კონკრეტულ - როგორც პოლიტიკურ, ისე პოეტურ ჟესტებად აქციონ. ათი წელია, კომპანია  ,,Cie Que faire?" ორიგინალურ არტისტულ ნამუშევრებს (,,Que faire?''; ,,Buzz''; ,, ეს სამყაროს დასასრული არ არის"/С'est pas la fin du monde;  ,,ომის რეპორტიორები"/Reporters de guerre) ქმნის, რომელთაც ფესვები რეალობაში აქვთ გადგმული. 

რაკი კაცობრიობა სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დგას,  ვფიქრობთ,  ხელოვანები დაუღალავად უნდა ცდილობდნენ ძველი კულტურის ბასტიონების გამაგრებას, მაგრამ თან სიახლე უნდა შემატონ მას;  შექმნან პრაგმატული სიმბოლოები, რომლებიც იმ ბნელ დროებასთან დასაპირისპირებლად გამოდგება,  მუდამ რომ ლამობს დაბრუნებას და კაცთა მოდგმაში ყველაზე ბნელი იმპულსების გამოღვიძებას. ვიმუშაოთ კეთილსინდისიერად, ამ ყველაფრისათვის თვალის გასწორებით და სიფხიზლის დაუკარგავად, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ხალისითაც -  კარგად გავითავისოთ დიდი მწერლის, ანტონიო გრამშის ფრაზა:   ,, პესიმისტი გონებით ვარ, ოპტიმისტი კი - ჩემივე ნებით."

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved