დამოუკიდებელი სივრცეების თეატრის დრო
დავით ბუხრიკიძე
დროის გარკვეული ტრაექტორიის შემდეგ, მიახლოებული სიზუსტით, მაგრამ მაინც დავინახეთ და ვიგრძენით საკუთარი მითოლოგიური წარსულით დაიღლილი და შინაგანად კონსერვატორული ჩვენი აკადემიური თეატრების მდგომარეობა... როდესაც ერთ დროს ცნობილი რეჟისორების, სახალხო არტისტებისა და სიახლეების შემქმნელი სცენოგრაფების შემდეგ, დრამატულმა სიცარიელემ ერთდროულად დაისადგურა - სცენაზეც და პარტერშიც.
ოდესღაც ეს აკადემიური თეატრები ძალიან გვიყვარდა (შესაძლოა იმიტომაც, რომ სხვაგვარი ფორმით არც არსებობდნენ) და ახლაც, სწორედ იმ სიყვარულის ნამსხვრევები გვკარნახობენ ფხიზლად შევხედოთ დღევანდელ მდგომარეობას.
როგორია დღეს რეალობის ამსახველი ესთეტიკური ფორმები? რა აკავშირებთ დრამატული მოვლენებით აღბეჭდილ დროსთან, დღევანდელობასთან, სახელმწიფო სისტემასთან დაპირისპირებულ ადამიანებთან?... როგორც აღმოჩნდა თითქმის აღარაფერი.
ამის პარალელურად, კრიზისსა და სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ბოლო ათწლეულში საქართველოში ბევრი დამოუკიდებელი თეატრი გაჩნდა. ხშირად ურთულესი სიტუაციის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ არსებობასა და ფაქტობრივად, „ცოცხალი თეატრის“ ქმნადობას განაპირობებენ. როდესაც მთელი სახელმწიფო იდეოლოგია და პროპაგანდის მანქანა ხშირად ისეა მომართული, რომ მზადაა ყველაფერი გაანადგუროს, რაც მისი კონტროლის მიღმაა, ამ ფონზე ძნელია არ დავინახოთ და არ წავიკითხოთ დამოუკიდებელი თეატრების არსებობისა და გადარჩენის დრამატული კონტექსტი.
დამოუკიდებელ თეატრებში - რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს - ყველას, ვინც დღეს მინიმალური რესურსით რაღაცას ქმნის, ნამდვილად აქვთ ჟინი და მონდომება, რომ მოიძიონ ახალგაზრდა დრამატურგთა ტექსტები, აღმოაჩინონ ახალი არტისტები, ეძიონ უჩვეულო მხატვრული ფორმები და სწორედ დროით ინსპირირებულ წარმოდგენებში აღმოაჩინონ თავიანთი სათქმელი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წლევანდელი ქართული პროგრამაც სწორედ იმ პროცესის გამოძახილია, რომელიც ძირითადად, დამოუკიდებელ თეატრებში მიმდინარეობს.
პირველ რიგში, ერთი წლის წინათ გაუქმებული „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიშვილის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ უნდა გავიხსენოთ, რომელიც მან სამეფო უბნის თეატრში დადგა. ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშეც შეიძლება ვუწოდოთ სპექტალს მწარე „სიზმარი“ (სხვათა შორის, ვიდეოპროექციით ჩართულია დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ეპიზოდიც).
ლევან წულაძის დადგმული „იატაქვეშეთის ადამიანი“ (ფეოდორ დოსტოევსკის ტექსტის თანამედროვე ინტერპეტაცია, თეატრი სახელოსნო 42), შესაძლოა, პატარა ადამიანის“ ნებაყოფლობით მაზოხისტურ განცდებსა და სახელმწიფოს ტოტალური კონტროლის შიშს დავუკავშიროთ. რაც სხვათა შორის, ამ ცნობილი ნაწარმოების კიდევ ერთ საინტერესო შრეს უკავშირდება.
ბერძნული მითის თანამედროვე გააზრებასა და ქალთა მიმართ ძალადობის ხილულ თუ უხილავ შრეებს გვთავაზობს მსახიობი ანასტასია ჭანტურია თეატრ „ჰარაკის“ სცენაზე. ეს მისი, როგორც ავტორისა და როგორც რეჟისორის დებიუტია სცენაზე, რომელიც ვნების და გონების თანამედროვე ანალიზსს უფრო წააგავს
სამაგიეროდ, გონების სრული კონტროლითა და „კეთილშობილური ქცევის“ მოტივაციით, ჩაიდენს ტერორისტულ აქტს მსახიობ პაატა ინაურის მფრინავი, თემურ კუპრავას სპექტაკლში „ტერორი“. გერმანელ იურისტ და მწერალ ფერდინანდ ფონ შირახის, მსოფლიოში აღიარებული პიესა რეჟისორმა მარჯანიშვილის თეატრში დადგა და მაყურებელს ინტერაქციისა და მოვლენის შეფასების საშუალება ბოლომდე მისცა.
ქართულ კლასიკურ მწერლობას შეძლებისდაგვარად და თანამედროვე ფორმით „უსწორდებიან“ ახალი თაობის რეჟისორები: საბა ასლამაზიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრში ილია ჭავჭავაძის „კაცია, ადამიანს.“ დგამს როგორც თითქმის გასტრონომიულ ტრაგი-ფარსს, სადაც ჭამა და სექსი, ანუ სამზარეულო და საწოლი ლამის გაერთიანებულია; ხოლო ნიკა ჩიკვაიძე, მოზარდმაყურებლთა თეატრში, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობას „მაგდანას ლურჯა“ განიხილავს როგორც თანამედროვე სასამართლოს მიერ პატარა, დაუცველი ადამიანის სოციალური ჩაგვრის ინსტრუმენტს.
დრამატული თეატრის დომინაციას წლევანდელ პროგრამაში ერთგვარად აბალანსებს არავერბალური ჟანრის სპექტაკლები. თინათინ წულაძე ცეკვის თეატრის ელემენტებით ქმნის „პარასკევის“ (თეატრი სახელოსნო 42) საკლუბო ატმოსფეროს, რომელიც, ინსპირირებულია თანამედროვე დასავლური ცეკვის თეატრით, საკლუბო ესთეტიკით და ეტორე სკოლას ცნობილი ფილმით „მეჯლისი“.
ფიზიკური თეატრის კომპანია HOI (ჰოი), რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ დაარსდა, ახალი და გაბედული იდეებით ცდილობს თეატრალურ სივრცეში დამკვირებას. ამის მაგალითია სპექტაკლი „მარო“, რომელიც თუმანიშვილის თეატრში დაიდგა და რომლის შემქმნელები არიან თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი. ორივე მათგანი რეჟისორიცაა, ქორეოგრაფიც და სცენოგრაფიც. არავერბალური და ნაწილობრივ თოჯინური სპექტაკლი ექსპრესიონისტული ქორეოგრაფიის ენით აცოცხლებს მარო მაყაშვილის ისტორიას, რომელიც 1921 წელს, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა...
თანამედროვე თეატრი ვეღარ იქნება მორალისტური და ჭკუის დამრიგებელი. რწმენა იმდენადაა შერყეული, რომ მაყურებს კეთილშობილური ზრახვების და ქცევის სცენური დემონსტრირების აღარ სჯერა... თეატრი დღეს არ არის ვალდებული რომ მაყურებელს მხოლოდ სიამოვნება მიანიჭოს, მაგრამ ის ვალდებულია შეგვძრას, თანაგრძნობა გვიჩვენოს, შეგვაძრწუნოს და მომავლის რწმენა შეგვინარჩუნოს. ეს კი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შენარჩუნების გარეშე შეუძლებლია!