ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
მარტინ კრიმპი, კერილ ჩერჩილი

ცრუ განგაში / ცხრა მთას იქით

მარტინ კრიმპი, კერილ ჩერჩილი

ცრუ განგაში  / ცხრა მთას იქით

 

რეჟისორი - დათა  თავაძე 
სცენოგრაფია - ქეთი ნადიბაიძე

მონაწილეობენ:

ნატა მურვანიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, კატო კალატოზიშვილი

 

პრემიერა შედგება ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში.

ხანგრძლოვობა:120 წუთი, ერთი შესვენებით
 

სპექტაკლის შესახებ:
 

ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (ცრუ განგაში) და კერილ ჩერჩილის (ცხრა მთას იქით) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს.

კრიმპისეულ მოწესრიგებულ, რუტინულ რეალობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება იმალება; პერსონაჟთა ცხოვრებას მთხრობელები გამუდმებით „ასწორებენ“, სასურველი მიმართულებით ცვლიან, მაგრამ ირაციონალური სისასტიკე მასში მაინც იჭრება.

ჩერჩილის დისტოპიურ–კოშმარული ფანტაზია მისტიურ ომში ჩათრეულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები, საგნები, ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს ებრძვიან და არავინ იცის წინასწარ, ვინ ვის წინააღმდეგაა ამ ბრძოლაში.

თამამი, პოლიტიკური და პროვოკაციული სამეფო უბნის თეატრი პიესებს პოსტ–სიმართლის ეპოქაში ათავსებს, სადაც რეალურ ფაქტებს ვერ ენდობი და ამ კლაუსტროფობიული თავსატეხიდან თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. 


 

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

    ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

     სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

      ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

      სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

     თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

      თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.