ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
ნიკოლაი გოგოლი

შეშლილის წერილები

ნიკოლაი გოგოლი
შეშლილის წერილები

რეჟისორი –  დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია  დავით დოიაშვილის
კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
კომპოზიტორი – ნიკოლოზ რაჭველი
რეჟისორის თანაშემწე –  ნინო ჭავჭავაძე
 

მონაწილეობენ:
ამირან ამირანაშვილი

 

პრემიერის თარიღი:  9.11.2018
ხანგრძლივობა: 80 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 9 ადამიანი

სპექტაკლის შესახებ:

არასდროს მინდოდა და არც არასდროს მიფიქრია მონო სპექტაკლის დადგმა, მაგრამ როდესაც ჩემთან მოვიდა ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის) უსაყვარლესი არტისტი ამირან ამირანაშვილი და გოგოლის ,,შეშლილის წერილების“  დადგმა შემომთავაზა ცდუნებას ვერ გავუძელი.

P.S. ახლა მაყურებელმა განსაჯოს ეს ცდუნება რად ღირს.

                                                                                                             დავით დოიაშვილი

 

ცხოვრება  იმდენად სასტიკი, ულმობელი და გაუსაძლისი გახდა, რომ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ, ჩვენი პარალელური სამყარო შევქმნათ, დავიჯეროთ ის და ვიცხოვროთ მასში.

ასეთ ადამიანებს საზოგადოება შეშლილებს უწოდებს....

თქვენ იცით, რომ ესპანეთის მეფე ინკოგნიტოდ მუშაობს  ქაღალდების გადამწერად    პეტერბურგის დეპარტამენტში?

თქვენ იცით, რომ  თუ დირექტორის ქალიშვილი შეგიყვარდებათ, შესაძლებელია ცხოველების ენაც  გაიგოთ?

თქვენ იცით, როგორი პიკანტური ამბების ამოკითხვა შეგიძლიათ ძაღლების მიმოწერაში?

თქვენ იცით, რომ მთვარე ჰამბურგშია დამზადებული და თანაც ძალიან უხარისხოდ?

თქვენ იცით, რომ როგორც კი დიდი ინკვიზიტორის მოახლოებას გაიგებთ, მაშინვე სკამის ქვეშ უნდა დაიმალოთ?

ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“    მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაწარმოებია. რა არის ეს? უბრალოდ  გენიოსის უცნაური ხუმრობა თუ მისივე ყველაზე მნიშვნელოვანი კოდირებული გზავნილი  21-ე საუკუნის ადამიანებისთვის?

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, შემოქმედებითი პროცესით თუ ვიმსჯელებთ, დღეისათვის საქართველოს თეატრებს შორის ლიდერია. მის პირველობას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს: მრავალფეროვნება, ხარისხი, აქტუალობა და ნიჭიერება.

თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა, თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა,  რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული სპექტაკლები.   

ეს არის თეატრი,  რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის შემოქმედებასა და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები. სწორედ ამ მიზეზით მუსიკისა და დრამის თეატრი დღეს ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება მისი პოპულარობა,  მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფო ლილუაშვილი
ტელ:+995 595411511
E-mail:sofia@musictheatre.ge / sofialiluashvili@gmail.com
www. musictheatre.ge

დავით დოიაშვილი

თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული    ქართველი რეჟისორი დავით  დოიაშვილი დაიბადა  1971 წლის 7 ოქტომბერს.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტის  დამთავრების შემდეგ  სტაჟირება გაიარა  მილანის Pიცცოლო  თეატრო-ში   ჯორჯო სტრელერთან.

1998 წელს გახდა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მთავარი რეჟისორი. მარჯანიშვილის თეატრში დავით დოიაშვილის დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მეფე ლირი (უ. შექსპირი) სალომე (ო. უაილდი), სამი და (ა. ჩეხოვი).

2004 წლიდან დავით დოიაშვილი  სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს, რომელიც სულ მალე ქართული თეატრის ახალი პროგრესული იდეების ლაბორატორიად  იქცა.  ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები.  ამ თეატრში  მის მიერ დადგმულმა საუკეთესო სპექტაკლებმა მაკბეთი (უ. შექსპირი), (შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი (უ. შექსპირი), სირანო დე ბერჟერაკი (ე. როსტანი),  ქალაქი ალყაში (ა.კამიუ), სახლი საზღვარზე (ს. მროჟეკი), გაყრა (გ. ერისთავი), ცხოვრება იდიოტისა (რ. აკუტაგავა), ფსკერზე (მ. გორკი), ბალიშის კაცუნა (მ. მაკდონა), ტარტიუფი (მოლიერი), შეშლილის წერილები (ნ. გოგოლი) არა მარტო სხვადასხვა თაობის მაყურებლის  საყოველთაო ინტერესი და მოწონება  მოიპოვა, არამედ მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსებისა და პროდიუსერების  აღიარებაც დაიმსახურა. 

დავით დოიაშვილს არაერთი წარმატებული დადგმა აქვს განხორცხიელებული სხვადასხვა ქვეყნების წამყვან თეატრებში: სეილემის პროცესი (ვესტ იორკშირის თეატრი), ლუჩია დი ლამერმური (მარინის თეატრი),  ცხოვრება იდიოტისა, ზაფხულის ღამის სიზმარი (ხორვატიის ნაციონალური  თეატრი),  ზაფხულის ღამის სიზმარი, სირანო დე ბერჟერაკი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი), მეფე ლირი,  ალუბლის ბაღი (ბუქარესტის ნაციონალური თეატრი). 

დავით დოიაშვილის  ხელოვნებას მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ: შოკისმომგვრელი,  ამაღელვებელი, სანახაობრივი. მას ახასიათებენ, როგორც ლიდერს და ნოვატორ რეჟისორს, რომელიც  განსხვავებული ფორმების და შერეული მეთოდების გაერთიანებით, უნიკალურ გარემოს ქმნის სცენაზე.  უჩვეულო ინტერპრეტაციისა და ფანტაზიის გამო მისი ნამუშევრები ყოველთვის ძალიან რეზონანსულია. როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ თეატრალურ რეჟისორს დავით დოიაშვილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.    

დავით დოიაშვილს მინიჭებული აქვს  შოთა რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი. იგი არის ბრწყინვალების ორდენის კავალერი, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.