ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 17:00 - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი შესახვევი #2 (ყოფილი ელექტრო ქარხანა)
მიხეილ ჩარკვიანი

ლაშა-გიორგი ისრულებს ოცნებას

რეჟისორი  დავით ხორბალაძე
სცენოგრაფია   ანა გურგენიძის
კომპოზიტორი   ერეკლე გეწაძე

 

მონაწილეობენ:
ბუკა თოლორდავა, გიორგი მჭედლიძე, საბა რუხაძე, მარიამ სამადაშვილი, ოთო ლორთქიფანიძე, რეზი ხუხუნაიშვილი

 

სპექტაკლის  შესახებ:

მოზარდებს შორის ძალადობა ბოლო დროის ერთ-ერთი უმძიმესი და მოუგვარებელი პრობლემაა საქართველოში. რა განაპირობებს ბავშვებში სისასტიკეს? როგორია გარემო, რომელშიც მათ ცხოვრება და ჩამოყალიბება  უწევთ? როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ახალგაზრდებისა და მოზარდების მიმართ? სად არიან მშობლები და რამდენად უსაფრთხოა სკოლა, რომელშიც ადამიანი ცხოვრებისთვის  ემზადება? რა ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებულია, როცა ჩაგვრა მთელ ქვეყანაში ნორმად აღიქმება, როცა მასწავლებლებს არ ყოფნით კომპეტენცია ბულინგთან საბრძოლველად? როგორ იქცევიან ამ დროს მოზარდები? როგორ გამოსავალს პოულობენ და რამდენად რადიკალური შეიძლება იყოს მათი გადაწყვეტილებები?
„ღია  სივრცე“ თეატრალური სტუდია „ეტსეტერას“ მოსწავლეებთან ერთად გვიყვება 15 წლის დამნაშავის ლაშა-გიორგის ისტორიას, რომელმაც გადაწყვიტა მთელი სკოლა ბოროტებით სავსე სამყაროსგან „იხსნას“. თუ როგორ ისრულებს იგი ამ ოცნებას, 6 მოსწავლისგან მოისმენთ, რომლებისთვისაც ეს პრობლემები ყოველდღიურობაა.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

 


 

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ახლგაზრდა ქართველ და უცხოელ არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს, არის ინტერდისციპლინარული და  იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას.

„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური  მეთოდებით იმუშაონ  ალტერნატიულ სივრცეში. 

შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. სპექტაკლები: „შიმშილის ღმერთი“ „წუხილი“, პერფორმანსები: „შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი“ და ანდრო დადიანის „უფრო სქელი კანი“ სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას (სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა). ჯგუფი გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებას  ამ პრობლემათა ფონზე.       

„ღია  სივრცემ“ არსებობიდან 2 წლის განმავლობაში შეიძინა საკუთარი მაყურებელი და დაიკავა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურმა დაჯგუფებამ, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე
თეატრის მმართველი: ანა გურგენიძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ: +995 551 400 403
E-mail: openspaceea@gmail.com
https://www.facebook.com/osoea/