ჩვენ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ. დრო აჩქარდა, უამრავ საზრუნავს მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი, უმეტესად კი ნეგატიური ინფორმაციაც ემატება. კითხვები სამყაროსა და ცხოვრების მიმართ უფრო მეტი გვიჩნდება, ვიდრე უნდა გვქონდეს კაცობრიობის აზროვნების მრავალსაუკუნოვანი განვითარების, დასკვნებისა და ისტორიის მიუხედავად. თუმცა ადამიანის სწრაფვა საკუთარი თავის შეცნობისაკენ მუდმივია ყველა დროსა და საუკუნეში; მისი ლტოლვა ბედნიებისაკენ კი - შეუჩერებელი. ადამიანი, საბოლოო ჯამში, არასდროს თვლის ცხოვრებას ამაოებად და ყველა კითხვაზე მუდმივად ეძებს პასუხს. მას უნდა უკეთესი გახდეს.
ვფიქრობ, ფესტივალის დანიშნულებაც საზოგადოებისა და ინდივიდის მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა ან მცდელობა მაინც უნდა იყოს, დებატების, დისკუსიის გამოწვევის შესაძლებლობა. ყოველი შემთხვევისთვის, სანამ მე ფესტივალზე პასუხისმგებლობა მაკისრია, ვფიქრობ, ფესტივალის პროგრამა მთლიანობაში, ისევე როგორც თვით თეატრი, დროისა და საზოგადოების სარკე უნდა იყოს, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე.
დღეს, კულტურათა დიალოგის ეპოქაში, ყველა ფესტივალი ილტვის საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.
საერთაშორისო ურთიერთობები განვითარების, წინსვლის საწინდარია. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა ისტორიული "დავალება” უნდა შეასრულოს. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქართული კულტურისა და თეატრის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაა.
რადგან ეპოქის სირთულეები ვახსენეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალი პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტსაც მოიცავს და, რაღა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გავლენასაც ახდენს. როცა საზღვრების გადალახვასა და "ცხოვრების გაუმჯობესებაზე" ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, ფესტივალი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიურ ასპექტში რეალობაა, იმედი მაქვს - ჰარმონიული, რადგან კულტურისა და განათლების გარეშე კაცობრიობის ყოველგვარი "საქმიანობა", უბრალოდ, აზრს კარგავს.
ფესტივალი როგორც წესი, ქალაქის კულტურულ პოტენციალს აკავშირებს და აერთიანებს და ამითი მაყურებელს, მოსახლეობას საკუთარ ქალაქზე და ქვეყანაზე ახალ პერსპექტივას უქმნის კულტურულ და სოციალურ კონტექსტში.
გვსურს, თქვენთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი - თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობი, ხელოვნების ნიმუში, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი. . . გვსურს გავარღვიოთ საზღვრები, შევიცნოთ ჯერ უცნობი კულტურები, ახალი და განსხვავებული მიდგომები ხელოვნებისა და სამყაროსადმი.
ვფიქრობთ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კომუნიკაციის განსაკუთრებული, განსხვავებული საშუალება გახდება და სწორად ეს იქნება მისი ერთერთი მთავარი დანიშნულება.
გვინდა, რომ ფესტივალი იყოს "თავგადასავალი" ყველა მისი მონაწილისათვის, მაყურებლისათვის!
და ბოლოს, დამიჯერეთ, ფესტივალის პროგრამაც ცოცხალი ორგანიზმივითაა - იგი ყოველთვის "მოინდომებს" უკეთესი გახდეს.
ეკატერინე მაზმიშვილი
ფესტივალის დირექტორი