თეატრები

ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ახლგაზრდა ქართველ და უცხოელ არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს, არის ინტერდისციპლინარული და  იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას.

„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური  მეთოდებით იმუშაონ  ალტერნატიულ სივრცეში. 

შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. სპექტაკლები: „შიმშილის ღმერთი“ „წუხილი“, პერფორმანსები: „შრომის კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი“ და ანდრო დადიანის „უფრო სქელი კანი“ სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას (სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა). ჯგუფი გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებას  ამ პრობლემათა ფონზე.       

„ღია  სივრცემ“ არსებობიდან 2 წლის განმავლობაში შეიძინა საკუთარი მაყურებელი და დაიკავა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურმა დაჯგუფებამ, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე
თეატრის მმართველი: ანა გურგენიძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ: +995 551 400 403
E-mail: openspaceea@gmail.com
https://www.facebook.com/osoea/