პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: აბრეშუმის ფაბრიკის კინო პავილიონი

მეტამორფოზები

მეტამორფოზები
თანამედროვე ბალეტი

იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე
დამდგმელი მხატვარი – ანა ნინუა
პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
სპექტაკლში ჟღერს იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
 

მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.

 

 

პრემიერა შედგა2.03.2018
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 22 ადამიანი

 

სპექტაკლის შესახებ:

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და “Silk Factory Studio” - ს ერთობლივი პროექტი.
ოვიდიუსის პოემა „მეტამორფოზები“, იგივე „გარდასახვანი“ სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყოველი მითი გარდასახვით მთავრდება. პოემაში მოცემულია სამყარო, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. ქორეოგრაფიული იდეის საფუძველიც ცვალებადობაა. სამყაროს უსასრულო სივრცისა და ფანტაზიის გამოსახატავად ქორეოგრაფიის  შემოქმედებითი ძალა  მიმართულია, რომ დაუბრუნდეს მითს, გააცოცხლოს ადამიანთა ბუნება, გამოხატოს მათი ფიზიკური, შინაგანი და გარეგნული მდგომარეობა, დაუბრუნდეს მათ ფსიქოლოგიას, გააცნობიეროს იგი და ხან პლასტიკით, ხან კი სქემატური ფიგურების შექმნით გამოხატოს ის იდეები, ფორმები და ძალები, რომელიც  ადამიანის მეტამორფოზას ახდენს და მის სულს აყალიბებს.

მარიამ ალექსიძის ჩანაფიქრის მიხედვით მეტამორფოზა უნდა მომხდარიყო, როგორც იდეასა და ქორეოგრაფიაში, ისე მის გამოსახატავად აუცილებელ ყველა მიმართულებაში. მეტამორფოზა უნდა მომხადარიყო სივრცის თვალსაზრისითაც, ამიტომ სპექტაკლი განსხვავებულ, ახლებურ სივრცეში უნდა შექმნილიყო. დასის დირექტორის დავით მაზიაშვილის კონცეფციით აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო. ანა ნინუას მხატვრული ჩანაფიქრით მაყურებელთა დარბაზი ერთი მხრივ მცირე ზომის ბერძნულ-რომაულ ამფითეატრს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, თანამედროვე თეატრს, როდესაც მაყურებელი მოქმედებასთან ახლოსაა  და მისი ერთგვარი ნაწილი ხდება.

უმთავრესი მეტამორფოზა მუსიკალური მიმართულებით უნდა მომხადარიყო. მარიამ ალექსიძემ თავისი არჩევანი იოჰან სებასტიან ბახსა და თანამედროვე კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძეზე შეაჩერა, რომელმაც სპექტაკლისათვის ორიგინალური მუსიკა შექმნა და ბახის კომპოზიციებთან სინთეზში საუნდ დიზაინით გააფორმა.  ადრეულ მუსიკასა და მინიმალისტურ, ელექტრონულ მუსიკას შორის დიალოგით ნათლად ჩანს თუ როგორი მეტამორფოზა განიცადა მუსიკამ ეპოქების განმავლობაში.

ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ თანამედროვე საბალეტო დასისთვის დაიდგა კიდევ ერთი საავტორო, ქართული თანამედროვე ბალეტი, რომლის შექმნაშიც დღეს ჩვენს წიაღში მოქმედი ახალგაზრდა ხელოვანები მონაწილეობდნენ. თეატრალური დარბაზი და სცენა, რომელიც ალტერნატიულ სივრცეში – აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში აიგო, ჩანაფიქრის ორიგინალურობას კიდევ უფრო გამოკვეთს.

2016 წელს  მარიამ ალექსიძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიამ მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით საქართველოში პირველი თანამედროვე ბალეტის დასი – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დააარსა.

თანამედროვე, ახალგაზრდული და ნოვატორული დასი, განსხვავებული ხარისხით, ესთეტიკით, თანამედროვე ფორმების ძიებით, მხატვრული ხედვითა და რეპერტუარით გამოირჩევა და ქართულ, თანამედროვე ცეკვის თეატრალურ პროდუქციას ქმნის.

დასმა ძალიან მცირე დროში მეტად აქტიურად იმუშავა და ბევრი საინტერესო პროექტი მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმოადგინა. 2016 წლის აპრილიდან მუშაობის პერიოდი მოიცავს ორიგინალურ, დასის საავტორო თანამედროვე საბალეტო სპექტაკლების დადგმას, საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან თანამშრომლობას, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის აღდგენას, თბილისის მასშტაბით დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში ჩართულობას, საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობას, სხვადასხვა პერფორმანსებისა და ექსპერიმენტული პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო პროგრამების დამკვიდრებას, დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეს და საგასტროლო ტურნეების ჩატარებას. 

კამერული დასის – „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ძირითად იდეას წარმოადგენს ქორეოგრაფიაში თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება, ხელოვნებაში სუფთა ფორმების ძიება და ტრადიციების შენარჩუნებით მუდმივი განვითარების პროცესისაკენ სწრაფვა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: მარიამ ალექსიძე
საკონტაქტო პირი: თათია სიბაშვილი
ტელ: +995 555 380 146
E-mail:info@tbilisiballet.ge
www.tbilisiballet.ge

მარიამ ალექსიძე