პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: ადგილმდებარეობა მოგვიანებით გამოცხადდება
ბასა ჯანიკაშვილი

სანამ ერთმანეთს გავიცნობდით

ბასა ჯანიკაშვილი
სანამ ერთმანეთს გავიცნობდით

რეჟისორი –  ზურაბ გეწაძე
მხატვარი – შოთა გლურჯიძე
კომპოზიტორი ერეკლე გეწაძე
რეჟისორის თანაშემწე  –  ელენე მონასელიძე
ვიდეო  გიორგი ხოსიტაშვილის
 

მონაწილეობენ:
ნინო ბურდული, გოგა პიპინაშვილი

 

პრემიერა შედგა:  4.05.2018
ხანგრძლივობა: 55 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 9 ადამიანი

 

 

სპექტაკლის შესახებ:

რეჟისორი ზურაბ გეწაძე თეატრის შენობიდან გადის და სპექტაკლის სათამაშოდ ახალ სივრცეს  ირჩევს. სასტუმროს ერთ-ერთი ოთახი ერთი საათით თეატრალურ სცენად იქცევა, სადაც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს და ყველა იქ მყოფი საძინებელში გათამაშებული ამბის მონაწილე ხდება.

 ყოველთვის დგება დრო, როდესაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად ერთად-

ერთი გამოსავალი საკუთარ თავთან გაუცხოებაა. ერთფეროვნება დამანგრეველია,

სულიერადაც და ხორციელადაც. 

სასტუმროს ოთახში ორი ადამიანი ერთმანეთის გაცნობას ცდილობს. პიესის მთავარი პერსონაჟები ნინო (ქალი) და გია (მამაკაცი) ცდილობენ გაიხსენონ, როდის გაიცნეს ერთმანეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები არ იციან.

 

ამ უხერხულობას ისიც ამძაფრებს, რომ ლოგინში წვანან და კარზე მოტყუებული ცოლი

და ქმარი აკაკუნებს. საკუთარ მეუღლეებს გამოქცეულნი სხვის საწოლში პოულობენ

მონოტონური ყოფიდან თავის დაღწევის ფორმულას. მაგრამ, მოულოდნელად

აღმოჩნდება, რომ კარს მიღმა მდგარი ცოლ-ქმარიც თვითონვე არიან.

ნინო და გია არ აღიარებენ, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ამ გზით

სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ. ორ ადამიანს მონოტონური ყოფიდან გაქცევა

უნდა. მათ ხელახლა უნდა იპოვონ საკუთარ თავში სიყვარულისა და ერთგულების ძალა.

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე
საკონტაქტო პირი: ბუკა კარტოზია
ტელ:+995 579 444 139
E-mail:jazz@bukajazz.com
www.tumanishvilitheatre.ge

„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“
მიხეილ თუმანიშვილი  (1921-1996)

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე  1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა   თეატრალური სახელოსნო – კინომსახიობთა თეატრი, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილმა თავის სტუდენტებთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ თუმანიშვილი  გახლდათ XX საუკუნის ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორი, დრამისა და ოპერის რეჟისორი, ქართული სატელევიზიო თეატრის დამფუძნებელი, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი.

დაარსების დღიდან ექსპერიმენტულმა თეატრალურმა სახლოსნომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა  ქართულ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეში. წლების განმავლობაში კინომსახიობთა თეატრი წარდგა ევროპის, აშშ-ის, ლათინური ამერიკისა და ავსტრალიის ფესტივალებზე, სადაც არაერთი ჯილდო მოიპოვა.

შემოქმედებითი ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილის მიერ ან მისი სასწავლო მეთოდით აღზრდილი რეჟისორებისა და მსახიობებისაგან შედგება, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ ახალი  ხერხებისა და ფორმების ძიებას თეატრალურ სფეროში და არაერთ საინტერესო სპექტაკლს სთავაზობენ მაყურებელს. ბოლო პერიოდში თეატრში დაიდგა რამდენიმე საერთაშორისო კო-პროდუქციით შექმნილი სპექტაკლი, რომელიც განსხვავებულია ესთეტიკითა და დადგმის მეთოდით.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი  სარეპერტუარო თეატრია და მას სახელმწიფო აფინანსებს. თეატრში ფუნქციონირებს ორი სცენა. მთავარი სცენა შექსპირის „გლობუსის“ სცენას წააგავს, მას არც კულისები გააჩნია და არც ფარდა. ის თუმანიშვილის სქემით აიგო და სამივე მხრიდან გახსნილია.მცირე სცენას 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ძიებებისა და სტუდიური მუშაობისათვის.

თეატრის მაყურებელთა ფოიეში ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი და არტ-კაფე.

ზურაბ გეწაძე

ქართველი რეჟისორი და მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს, თბილისში.     

1992 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო).   

2008–2010 წლებში: დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში.

1992 წლიდან დღემდე: თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.

2013-2017 წლებში: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ დირექტორი.

2009 წლიდან დღემდე:თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი.

დადგმული სპექტაკლები:

2004 წელი: სპექტაკლი - „გმირი“  - ჯონ სინგის მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი,

2007 წელი: სპექტაკლი - „ელოტი მომღერალი ქალი“ – ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი,

2008 წელი: „4:48 ფსიქოზი“ - სარა კეინი (კითხვა), რუსთაველის თეატრი (ექსპერიმენტული სცენა)

2008 წელი: „სალომე ყანჩელის საღამო“, რუსთაველის თეატრი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად)

2010 წელი: სპექტაკლი –  „7 პპ“ (7 პატარა პიესა) - ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

2013 წელი: სპექტაკლი –  „პოლიცია“- სლავომირ მროჟეკისპიესის მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

2016 წელი: სპექტაკლი –„მეფე ლირი“ - უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

2018 წელი: სპექტაკლი – „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ - ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი და ITI GEORGIAN CENTRE